Loading....
ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1956 წლიდან.


"რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის განებივრებული მაყურებელი ჰყავს. ვისაც ამ თეატრის ბოლო წლების დადგმები „სამანიშვილის დედინაცვალი“, „გუშინდელნი“, „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III” და სხვ.  უნახავს დამეთანხმება, რომ ძნელად მოინახება სიხარულის ესოდენ უშრეტი წყარო- ამაღლებულთან, მშვენიერთან, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან შეხების ბედნიერი განცდა. თეატრის საერთო ტრიუმფი უმნიშვნელო არ არის ჯემალ ღაღანიძის წვლილით.
რატომ უყვარს მაყურებელს ჯემალ ღაღანიძე? - გულწრფელია იგი, უშუალო, იუმორის ხალასი ნიჭით დაჯილდოებული. უყვარს სიცილი, სიცოცხლე, უყვარს არსებობა საერთოდ. სიხარულს განიცდის, როცა თამაშობს. ეს განცდა კი გადამდებია.
გახსოვთ ლავრენტი „კავკასიური ცარცის წრიდან“ ბრიყვი და მხდალი ლავრენტი, საკუთარი ცხვირის მეტს რომ ვერაფერს ხედავს და თავისი უსუსური არსებობის გარდა არაფრით არ არის დაინტერესებული? დაგავიწყდებათ ოდესმე, როგორ ცეკვავს თავზე სკამჩამომხობილი? როგორ მიდიან ცალ-ცალკე ხელები, ფეხები, სახე, თვალები, სხეულის ყოველი ნაკვთი და ნაწილი? თითქოს აი, ახლა დაიშლება თქვენს თვალწინ ეს ძლივს შეკოწიწებული სიცოცხლე... ან როგორი ინტონაციით ამბობს ლავრენტი: „გაზაფხულდა“. როგორ აზრობრივ დატვირთვას აძლევს მსახიობი ამ ერთ სიტყვას ესაა ყვედრება, ვედრება, შვება, სიხარული და თავისუფლება ერთად. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად წავა გრუშე ლავრენტისთან, ცოლი აღარ იჩხუბებს, ისევ დაიბუდებს უღირსი ძმის სახლში მეშჩანური კეთილდღეობა...
საინტერესოდ წარმოაჩინა ჯ.ღაღანიძემ ამავე სპექტაკლში მამათილის სახე. განსხვავებული რიტმი და გრძნობათა ბუნება შემოგვთავაზა მსახიობმა ამ პერსონაჟის განსახიერებისას.
ჟუჟუნას მამამთილი საკუთარ თავში დაჯერებული და შეყვარებული კაცია. იგი შენიღბული, არცთუ იოლად ამოსაცნობი გაიძვერაა. ფრთხილია, წინდახედული, ცდილობს ადამიანებზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს. თუ ლავრენტის ლაპარაკის ინტონაციებში „მკვეთრად ისმის მთის მცხოვრებთა მეტყველების იმიტაცია, ხოლო მოძრაობა ძალზე მახვილგონივრულ ქორეოგრაფიაზეა აგებული“, ჟესტიკულაცია და მიმიკა შესაბამისად მსუყეა და სახიერი, - ჯ.ღაღანიძის მამათილი სიტყვაძუნწია, უმოძრაო, გაყინული... ეს ეპიზოდური როლები ტიპიურობამდე ავიდა, მძლავრ თეატრალურ სახეებად იქცა და ამიტომ იო, რომ მსახიობს დამსახურებულად მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
დაგავიწყდებათ ბურგომისტრი ე.შვარცის „დრაკონში“?
მთელ სცენაზე მოჰქროდა იგი. გრძელი, ლურჯი ხალათი ეცვა, თმები აქა-იქ ფერადი ბაფთებით დაემაგრებინა... ისეთი სისწრაფით გამოიჭრებოდა, ეგონათ სივრცე აღარ ჰყოფნის და მაყურებელთა დარბაზში გადაფრინდებაო. უცბად ჩერდებოდა. შეშფოთებული გაანდობდა მაყურებელს „ჭკუა დავკარგეო“ და მოჰყვებოდა ჭკუის „ძებნას“. ეძებდა ყველგან: პარტერში, იარუსებზე, სენაზე, ბოლოს როგორღაც მიაგნებდა. დატუქსავდა, მერე თავისთან მიიხმობდა და იწყებოდა ბურგომისტრის ეშმაკი, ელასტიური, ავანტიურისტული ჭკუის დემონსტრირება.
ჯ. ღაღანიძის გმირს დაჭყეტილი ჰქონდა თვალები, იმიტომ კი არა, რომ მეტი დაენახა, იგი ისედაც კარგად ხედავდა და ყოველთვის გამოარჩევდა სასარგებლოს! არა. იცოდა, რომ ბრიყვის პოზა მომგებიანია. იგი ელოდა კატასტროფას, რომელზეც მარშით გადაივლის. თამაშ-თამაშით, სტვენა-სტვენით ყალიბდებოდა ბურგომისტრი მაყურებლის თვალწინ დიქტატორად, იგი სხვას ფიქრობდა და სხვანაერად მოქმედებდა, ამიტომ იყო მისი მეტყველება დანაწევრებული, ჟესტი-ჭარბი.
ზღაპრებში ხდება ადამიანური სიბრძნის ხელახალი აღმოჩენა. ჯემალ ღაღანიძის გროტესკულ გმირს შესანიშნავად მიჰქონდა მაყურებლამდე პიესაში განსხეულებული მრავალი სიბრძნე. მიჰქონდა სახიერად, მსუბუქად, ტაქტით. ბურგომისრის როლმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა მაშინ რომ შემსრულებელს ძალა შესწევს მონუსხოს მაყურებელი, რომელსაც საბედნიეროდ, მსახიობის ტყვეობაში ყოფნა ძალიან უყვარს.
სრულიად ახალგაზრდა, გამოუცდელი იყო ჯემალ ღაღანიძე ფირუზა რომ ითამაშა „მეტეხის ჩრდილში“.
თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში ელოდა მაყურებელი ფირუზას გამოჩენას, თავის სიძეზე ხომ განუწყვეტლად ლაპარაკობდა ს. ზაქარიაძის შეუდარებელი შაქრო: „ჩემო სიძე ფირუზა, იცით რა ბიჭია? - ოჰ, ის პარაოზის ვირთხა, ჩემი სიძე ფირუზა“... და ამოჩნდებოდა ფირუზაც. თავზე დიდი, „კარტუზიანი“ ქუდი ეხურა. შარვალზე გადმოწელ ხალათზე მაგრად შემოეჭირა ქამარი. გულზე სამკერდე ნიშნები დაებნია. ხელ-ფეხი დაგრძელებოდა უხერხულობისაგან და ადგილი ვეღარ მოენახა მათთვის. სახეს დიდი კეხიანი ცხვირი „უმშვენებდა“. თავს აწონდებდა სიდედრ-სიმამრს. იცინოდა ყოველ ფრაზაზე, როგორ ჰგავდა ეს დანაწევრებული, უაზრო სიცილი ყროყინს, ღვინოს შეექცეოდა სიმამრთან ერთად და უცბად სკამიდან გადავარდებოდა...
რაფინირებული იყო მსახიობის ოსტატობა ნ.დუმბაძის „მზიან ღამეში“, ბატონი გიორგის როლის შესრულებისას. ეს როლი პატარაა პიესაში, ცოტა სქემატურიც. ორიოდე სიტყვის თქმა უწევდა ბატონ გიორგის, იმასაც კარგად აწონ-დაწონიდა და ძლივს გაიმეტებდა მსმენელისთვის. პედანტი იყო, დაწვრილებული, გონებაჩლუნგი. ირგვლივ ყველასა და ყველაფერში.
ცუდს ხედავდა მხოლოდ. უფრთხილდებოდა საშინელ, შეუვალ გარსს მის პერსონას რომ იცავდა მთელი სამყაროსაგან. ძუნწი შტრიხებით მოხაზა მსახიობმა პერსონაჟის გარეგნული პორტრეტი. ძირითადი აქცენტი გამახვილდა ფსიქოლოგიურ პლასტებზე, გმირის შინაგანი სამყაროს სწორ გახსნასა და მაყურებელთან დამაჯერებელ მიტანაზე.
მსუბუქი იუმორით იყო შეფერილი ჯემალ ღაღანიძის მიკიჩა ა.ცაგარელის „ხანუმაში“. მსახიობმა ამ როლში პლასტიურად საინტერესო ნახაზი და სოციალურად მძლავრი, ტიპიური სახე მოგვცა იმ ადამიანისა, რომელმაც ამ რთულ საწუთროში ჭეშმარიტი ღირებულებების ფასი არ იცის. დაკარგული აქვს თავისი ნამდივილი სახე.
წელში გამართული დადიოდა ჯემალ ღაღანიძის გმირი, თმებიც გულმოდგინედ გადაევარცხნა და გაეპრიალებინა, დინჯად, წყვეტილი ფრაზებით ლაპარაკობდა, არ იღიმებოდა, უზრდელობაში არ ჩამითვალონო.

მხდალი და შესაბრალისი იყო ჯ. ღაღანიძის მალხაზ პინტრიშიძე, შ.დადიანის „გუშინდელნი“, ხალასი და თბილი - ილარიონა შევარდნაძე. ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, მხატვრულად საინტერესო ერემოსა და არჩილ ფორიას როლები კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარასა“ და ლ.ქიაჩელის „გვადი ბიგვაში“, წიწოლას შთამბეჭდავი სახე შეჰქმნა ჯ.ღაღანიძემ ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონში“ და სხვ."

მნიშვნელოვანი როლები:
ბ-ნი სიმო („ფილოსოფიის დოქტორი“), წიწოლა („ბახტრიონი“), ელგუჯა („ზღვის შვილები“), მამუკა („ერთხელ დახოცილები“), ჩივერი („სეილემის პროცესი“), როზენკრაც („ჰამლეტი“), კაკული („პეპო“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), ტირელი („რიჩარდ III”), კახელი, ქმარი („დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისთვის“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“), შალვა („მოხუცი ჯამბაზები“), ბენვოლიო („გონზაგოს მკვლელობა“), გეურქა („მზის დაბნელება საქართველოში“).

ჯილდოები
1967წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1979წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია
1980წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
1998წ. - ღირსების ორდენი
2007წ. - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“
2009წ. - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
2010წ. - იპლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია

Comments/disqusion
No comments