Loading....
                        რუსთაველის თეატრის წარმატებული გასტროლი მექსიკაში
სპექტაკლმა „მარია კალასი. გაკვეთილი“  მექსიკელი მაყურებელი აღაფრთოვანა

რუსთაველის თეატრის დასმა  მექსიკის რესპუბლიკაში ქ. მეხიკოს ისტორიული ცენტრის ფესტივალში (festival del Centro Historico de Ia Ciudad de Mexico)მიიღო მონაწილეობა.
მექსიკის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ  რუსთაველის თეატრი იყო მიწვეული.



ფესტივალის დირექტორი ბატონი სერხიო ველა განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, რომ   ფესტივალში მონაწილეობა მიეღო სწორედ რობერტ სტურუასა და მისი დასს. მისი ოფიციალური მიწვევით რუსთაველის თეატრის დასმა გახსნა ფესტივალი სპექტაკლით „მარია კალასი. გაკვეთილი“ ესპერანცა ირისის სახელობის თეატრში.  რუსთაველის თეატრმა სამჯერ წარმოადგინა  სპექტაკლი და ყოველ ჯერზე  აღფრთოვანებული  მაყულებელის ოვაციები ძალიან დიდხანს  არ წყდებოდა.   ყურედღების ცენტრში,  ცხადია,  კალასის როლის უბადლო შემსრულებელი ლელა ალიბეგაშვილი  გახლდათ.   დიდი მოწონება დაიმსახურეს მსახიობებმა: დავით დარჩიამ,  ლელა ახალაიამ, დავით უფლისაშვილმა, ქეთი სვანიძემ და ტენორმა არჩილ გოგიტიძემ. რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ფესტივალის უმთავრეს მოვლენად იქცა.
რუსთაველის თეატრის საერთაშორისო გასტროლის ფარგლებში მოეწყო პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ:  ფესტივალის დირექტორი ბატონი სერხიო ველა,  ბატონი რობერტ სტურუა, რუსთაველის დასის მსახიობები, ქ. მეხიკოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.  პრექსკონფერენციამ  ძალიან  საინტერესოდ ჩაიარა. 



რუსთაველის თეატრის წარმოდგენას  ესწრებოდნენ: მექსიკის კულტურის მინისტრი, სახვადასხვა ქვეყნების ელჩები,  საქართელოს საელჩოს მიწვევით მექსიკაში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსი, მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოსა და სხვა სახელმწიფო უწყებათა  წარმომადგენლები და  მექსიკის კულტურის მოღვაწენი.  სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
მიმდინარე  წელს საქართველოსა და მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება. რუსთაველის თეატრის დასის მონაწილეობა მსოფლიოს მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებაში  ხელს შეუწყობს  ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.
უღრმესი მადლობა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომელთა  ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდა რუსთაველის თეატრის  გასტროლი მექსიკის რესპუბლიკაში.






Comments/disqusion
No comments