Loading....
ჟანრი ლოლაშვილი
ჟანრი ლოლაშვილი დაიბადა 1942 წლის 22 აპრილს თბილისში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1966 წლიდან.


"ჟანრი ლოლაშვილის ინდივიდუალობას ახასიათებს შეუპოვრობა და დამაჯერებლობა, ენერგია, მიზანსწრაფულობა. სწორედ ეს პირადი თვისებები ბევრს განმარტავს ჟ.ლოლაშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში.
იგი მხატვარ-მულტიპლიკატორად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შემდგომში, მოსკოვში უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე მხატვარ - მულტიპლიკატორის ფაკულტეტზე სწავლისას, (მას კი იღბლიან მომავალს უქადდნენ) სხვა საგნებთან ერთად გადიოდა მსახიობის ოსტატობის კურსს პედაგოგ ი. სტაბილინის ხელმძღვანელობით ჟ.ლოლაშვილი სერიოზულად გაიტაცა სასცენო ხელოვნებამ. ამგვარად ეზიარა იგი თეატრს.
შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი ჟ.ლოლაშვილმა დაამთავრა 1965 წელს და მასავით გატაცებულ ახალგაზრდებთან ერთად გაემგზავრა ქ. ზუგდიდში.
ამით ისინი საკუთარ სიმტკიცეს ცდიდნენ.
სწორედ შემართებების , აქტიორული შრომისმოყვარეობის თეატრით გატაცების ამ ერთმა წელმა შემდგომში უდაოდ ხელი შეუწყო ოსტატობის იმ დონის მიღწევას, რომელიც ბევრს აიძულებს ყურადღებით ადევნოს თვალი ლოლაშვილისეულ გმირებს შ.რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე.
მისი სცენური სახეების გახსენებისას მეხსიერებაში ამოტივტივდება არა მარტო ის, რომ იგი თამაშობდა ორგანულად ბუნებრივად, ძალდაუტანებლად. ჟ.ლოლაშვილის მიერ ნათამაშებ როლებში ამით აიხსნება ის, რომ მაყურებელს ახსოვს ტიმოთე გრენგოლმი, მერკუციო, ავშაროვი და ბევრი სხვა.
რეჟისორ რ.სტურუას სპექტაკლში „ხანუმა“ ჟ.ლოლაშვილმა შეასრულა მსახური ტიმოთეს როლი. მთელი სპექტაკლის განმავლობაში იგი სულ ორ-სამ სიტყვას წარმოთქვამდა, მაგრამ, ქმნიდა ცხოვრებისეული ადამიანის ტიპს, რომელიც ყველგან და ყველაფერს ესწრება და თან ყველასაგან შეუმჩნევლად რჩება. ხელოვნურ მორჩილებას იქვე ცვლიდა მხიარულება და ეს ორივე მდგომარეობა თანდაცვის ინსტინქტით იყო ნაკარნახევი.
შ.დადიანის  პიესაში „გუშინდელნი“ ჟ.ლოლაშვილმა გრენგოლმის თამაშით მოქალაქეობრივი სიმწიფის, პროფესიული ოსტატობის დონე უჩვენა. ეს როლი არა მარტო შთაგონებით იყო ნათამაშევი, არამედ ფილიგრანულად დახვეწილი. რეჟისორი თ.ჩხეიძე სიფრთხილით მიუდგა შ.დადიანის ტექსტს და რაც შეეხება სპექტაკლის  გარეგნულ სახეს. წარმატების საიდუმლოების ერთ-ერთი პირობა იმაში მდგომარეობდა, რომ მსახიობები კომედიის სიტყვებს წარმოთქვამდნენ, როგორც დღევანდელი ცხოვრებიდან აღებულს.
გრენგოლმი - ლოლაშვილი ელეგანტურია, მოხდენილი, მაგრამ სწორედ ამ პეწის უკან იმალება მისი არსის მთელი საშინელება. გრენგოლმის ყალბი ღიმილი მთელი უფლებამოსილებით იყვანს თავის ტყვეობაში თითოეულს და ეს უკანასკნელიც უცილობლად ხდება მისი ცხოვრებისეული მოვალე. დაჩაჩანაკებულ, ნაღვლიან, უმოქმედო, საკუთარი ვიწრო ინტერესებით შემოფარგლულ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ საქეიფოდ გაწყობილი სუფრა თუ გამოაცოცხლებს, გრენგოლმი „მხსნელად“ ესახებათ. ეს არის მოხელე, რომელსაც არც სამსახურებრივი მოვალეობის გრძნობა გააჩნია, არც ზნეობრივი საფუძველი. თამაშის მანერით ჟ.ლოლაშვილი კიდევ უფრო უსვამდა ხაზს „გუშინდელების“ ზნეობრივ დეგრადაციას. დიახ ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ხალხის უმოქმედობა ყველაფრის დასასრულს მოასწავებს.
რეჟისორ გ.ქავთარაძის „რომეო და ჯულიეტას“ ერთ-ერთი მამოძრავებელი ბერკეტი იყო მერკუციო. ბავშვური უშუალობა, ღრმა ინტელექტი, დაღლილობა და ენერგია, ირონია და იუმორი - აი თვისებები, რომელთაგანაც იქმნებოდა მერკუციოს იერსახე.
ჟ. ლოლაშვილის თამაშს რომ აკვირდები, აშკარა ხდება, მის ხელოვნებაში უპირველეს ყოვლისა გაოცებს იერსახის ინტერპრეტაციით სითამამე და ორიგინალობა.
თავისი გმირების დრამატურგიული ბედის გააზრებისას მსახიობი ცდილობს ჩაგაფიქროს, მიგიყვანოს დასკვნამდე, გეკამათოს.
პლასტიკა, მუსიკა, ასახულის შთაგონებული განცდა იმპროვიზაციულობა ჟ. ლოლაშვილისათვის განუყოფელ ერთიანობაშია სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“ (ბ. ბრეხტი). რეჟისორმა რ.სტურუამ წამყვანი - ჟ.ლოლაშვილი გაიაზრა, როგორც მთხრობელი რომელიც თავისუფლად, თამამად და ბრეხტის თეატრის მანერაში წარუძღვა მთელი სპექტაკლის რიტმს. აქტიორი ერთის მხრივ გვაზიარებს თეატრის დამატყვევებელ ძალას, მეორეს მხრივ კი კომენტატორია მოვლენებისა სცენაზე. მათი შეფასებით იგი ხელს უწყობს მაყურებელში კრიტიკული მსჯელობის წარმოშობას.
წამყვანი - ლოლაშვილი მუსიკისა და სიტყვების მეშვეობით სწორად წარმართავს მაყურებელს. მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა ზუსტად ხვდება მიზანს. და ჩვენ მსახიობის საშუალებით აღვიქვამთ ბრეხტის მახვილი თვალით დანახულ სამყაროს.
მსახიობ ჟ.ლოლაშვილს შესწევს უნარი თავის გმირებში დაინახოს და ხაზგასმით გამოკვეთოს ზნეობრივი მოვალეობის გრძნობა.



რეჟისორ რ.სტურუას სპექტაკლი ა.გელმანის პიესის „პარტკომის სხდომის“ მიხედვით შ.რუსთაველის სახ. თეატრში გადიოდა სათაურით „დასაწყისი“. მართლაც, მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მორალურ და ზნეობრივ ფასეულობათა გადაფასების დასაწყისს. თანდათანობით, ბრძნულად, საქმის ცოდნით უხსნის მსახიობი პარტბიუროს წევრებს პრემიაზე უარის თქმის მიზეზს. აქ ლაპარაკია არა პრემიის ფულად რაოდენობაზე. სხვა რამეს ეხება საქმე - შრომის არსს, მშრომელი ადამიანის ადგილს ჩვენს სინამდვილეში. დარბაზი გრძნობდა, რომ ეს პოზა კი არა, არამედ რწმენა იყო ისეთებისა, როგორიც პოტაპოვია.
თუ ამ როლში ჟ.ლოლაშვილი ერთი ბრიგადის საკითხს წყვეტდა მ. შატროვის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ ლენინის როლის შესრულებისას მსახიობს შევყავართ იმ რთული პრობლემებისა და ამოცანების ორბიტაში, რომლებიც წამოიჭრა მსოფლიოში პირველი მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს წინაშე. მსახიობ ჟ.ლოლაშვილის თამაშის მიღმა ჩვენ ვაკვირდებით ბელადის ცოცხალ აზროვნებას და თითქოს თანამონაწილენი ვხდებით იმ ისტორიული მოვნელებისა, რომლებიც დღესდღეობით განსაზღვრავენ ჩვენი სინამდვილის ცხოვრებისეულ ნორმებს.
ძირითადი როლის გარდა ჟ.ლოლაშვილი სპექტაკლში თამაშობს ექიმი ობუხისა და ტიხონოვ-ლუგოვოის როლებს. ამ როლების განსახიერებით მსახიობი ზუსტად გადმოსცემს იმ ეპოქის ადამიანთა შინაგან სამყაროს. ლოლაშვილის მიერ შემოთავაზებული სცენური პირობითობა ტიხონოვ-ლუგოვოის როლის შესრულებისას მაქსიმალურ გროტესკულობას აღწევს. ზნეობრივი თავისუფლების ეს „მქადაგებელი“ უკვე წინასწარ და დიდი ხნითაა შეპყრობილი თავისი ერთხელ და  სამუდამოდ შემუშავებული სისტემით. მსახიობი უკიდურესად აშიშვლებს „ჭიქა წყლის“ თეორიის მატარებელთა უბადრუკობას. ტიხონოვ-ლუგოვოის სახეში ჟ.ლოლაშვილი გამოკვეთს მისი თანამოაზრეებისა და მიმდევრების ტიპს, განაზოგაბებს მათი ნააზრევის სიმდაბლეს ამაზე იტყვიან, სასაცილო იქნებოდა, სატირელი რომ არ იყოსო.
ერთი იერსახიდან მეორეში სწრაფი და მსუბუქი გარდასახვა იგივე სპექტაკლში ნათელყოფს ჟ.ლოლაშვილის უნარს მოახდინოს განსახირებული გმირის როგორც გარეგნული მონახაზის, ისე მისი შინაგანი განწყობის წამიერი ტრასფორმაცია.
საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტისა და სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა ლაპარაკობს აქტიორის ოსტატობაზე. მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ დაჩრდილა მისი თავდაპირველი სურვილი გამხდარიყო მხატვარი. ჟ.ლოლაშვილი დღესაც მისდევს ფერწერას და დროდადრო გვეძლევს საისამოვნო საშუალებას გამოფენაზე ვიხილოთ მისი ტილოები."

მნიშვნელოვანი როლები:
მგელი, ბიჭი („სიბრძნე სიცრუისა“), ტიმოთე („ხანუმა“), გრენგოლი („გუშნდელნი“), მეორე ვეზირი („სალამურა“), მწერალი („ყვარყვარე“), მერკუციო („რომეო და ჯულიეტა“), თედორე („ივანე მრისხანეს სიკვდილი“), მთხრობელი („კავკასიური ცარცის წრე“), გიორგი („თუთარჩელა“), ავშაროვი („ქალის ტვირთი“), ვარსქენი („შუშანიკის მარტვილობა“), ბრიგადირი („დასაწყისი“), ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ ლუგოვოი („ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“), გოგი, ბანდიტი, დავითი („ვარიაციები თანამედროვე თემაზე“), იონა („ათვინიერებენ მიმინოს“), მასხარა („მეფე ლირი“), ლუარსაბი („კაცია-ადამიანი?!“)

ჯილდოები:
1976წ - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1979წ - სსრკ სახელმწიფო პრემია
1981წ - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
2000წ - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის („კაცია-ადამიანი?!“), რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“)
ჯემალ ღაღანიძე
ჯემალ ღაღანიძე დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1956 წლიდან.


"რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის განებივრებული მაყურებელი ჰყავს. ვისაც ამ თეატრის ბოლო წლების დადგმები „სამანიშვილის დედინაცვალი“, „გუშინდელნი“, „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III” და სხვ.  უნახავს დამეთანხმება, რომ ძნელად მოინახება სიხარულის ესოდენ უშრეტი წყარო- ამაღლებულთან, მშვენიერთან, ჭეშმარიტ ხელოვნებასთან შეხების ბედნიერი განცდა. თეატრის საერთო ტრიუმფი უმნიშვნელო არ არის ჯემალ ღაღანიძის წვლილით.
რატომ უყვარს მაყურებელს ჯემალ ღაღანიძე? - გულწრფელია იგი, უშუალო, იუმორის ხალასი ნიჭით დაჯილდოებული. უყვარს სიცილი, სიცოცხლე, უყვარს არსებობა საერთოდ. სიხარულს განიცდის, როცა თამაშობს. ეს განცდა კი გადამდებია.
გახსოვთ ლავრენტი „კავკასიური ცარცის წრიდან“ ბრიყვი და მხდალი ლავრენტი, საკუთარი ცხვირის მეტს რომ ვერაფერს ხედავს და თავისი უსუსური არსებობის გარდა არაფრით არ არის დაინტერესებული? დაგავიწყდებათ ოდესმე, როგორ ცეკვავს თავზე სკამჩამომხობილი? როგორ მიდიან ცალ-ცალკე ხელები, ფეხები, სახე, თვალები, სხეულის ყოველი ნაკვთი და ნაწილი? თითქოს აი, ახლა დაიშლება თქვენს თვალწინ ეს ძლივს შეკოწიწებული სიცოცხლე... ან როგორი ინტონაციით ამბობს ლავრენტი: „გაზაფხულდა“. როგორ აზრობრივ დატვირთვას აძლევს მსახიობი ამ ერთ სიტყვას ესაა ყვედრება, ვედრება, შვება, სიხარული და თავისუფლება ერთად. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად წავა გრუშე ლავრენტისთან, ცოლი აღარ იჩხუბებს, ისევ დაიბუდებს უღირსი ძმის სახლში მეშჩანური კეთილდღეობა...
საინტერესოდ წარმოაჩინა ჯ.ღაღანიძემ ამავე სპექტაკლში მამათილის სახე. განსხვავებული რიტმი და გრძნობათა ბუნება შემოგვთავაზა მსახიობმა ამ პერსონაჟის განსახიერებისას.
ჟუჟუნას მამამთილი საკუთარ თავში დაჯერებული და შეყვარებული კაცია. იგი შენიღბული, არცთუ იოლად ამოსაცნობი გაიძვერაა. ფრთხილია, წინდახედული, ცდილობს ადამიანებზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს. თუ ლავრენტის ლაპარაკის ინტონაციებში „მკვეთრად ისმის მთის მცხოვრებთა მეტყველების იმიტაცია, ხოლო მოძრაობა ძალზე მახვილგონივრულ ქორეოგრაფიაზეა აგებული“, ჟესტიკულაცია და მიმიკა შესაბამისად მსუყეა და სახიერი, - ჯ.ღაღანიძის მამათილი სიტყვაძუნწია, უმოძრაო, გაყინული... ეს ეპიზოდური როლები ტიპიურობამდე ავიდა, მძლავრ თეატრალურ სახეებად იქცა და ამიტომ იო, რომ მსახიობს დამსახურებულად მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
დაგავიწყდებათ ბურგომისტრი ე.შვარცის „დრაკონში“?
მთელ სცენაზე მოჰქროდა იგი. გრძელი, ლურჯი ხალათი ეცვა, თმები აქა-იქ ფერადი ბაფთებით დაემაგრებინა... ისეთი სისწრაფით გამოიჭრებოდა, ეგონათ სივრცე აღარ ჰყოფნის და მაყურებელთა დარბაზში გადაფრინდებაო. უცბად ჩერდებოდა. შეშფოთებული გაანდობდა მაყურებელს „ჭკუა დავკარგეო“ და მოჰყვებოდა ჭკუის „ძებნას“. ეძებდა ყველგან: პარტერში, იარუსებზე, სენაზე, ბოლოს როგორღაც მიაგნებდა. დატუქსავდა, მერე თავისთან მიიხმობდა და იწყებოდა ბურგომისტრის ეშმაკი, ელასტიური, ავანტიურისტული ჭკუის დემონსტრირება.
ჯ. ღაღანიძის გმირს დაჭყეტილი ჰქონდა თვალები, იმიტომ კი არა, რომ მეტი დაენახა, იგი ისედაც კარგად ხედავდა და ყოველთვის გამოარჩევდა სასარგებლოს! არა. იცოდა, რომ ბრიყვის პოზა მომგებიანია. იგი ელოდა კატასტროფას, რომელზეც მარშით გადაივლის. თამაშ-თამაშით, სტვენა-სტვენით ყალიბდებოდა ბურგომისტრი მაყურებლის თვალწინ დიქტატორად, იგი სხვას ფიქრობდა და სხვანაერად მოქმედებდა, ამიტომ იყო მისი მეტყველება დანაწევრებული, ჟესტი-ჭარბი.
ზღაპრებში ხდება ადამიანური სიბრძნის ხელახალი აღმოჩენა. ჯემალ ღაღანიძის გროტესკულ გმირს შესანიშნავად მიჰქონდა მაყურებლამდე პიესაში განსხეულებული მრავალი სიბრძნე. მიჰქონდა სახიერად, მსუბუქად, ტაქტით. ბურგომისრის როლმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა მაშინ რომ შემსრულებელს ძალა შესწევს მონუსხოს მაყურებელი, რომელსაც საბედნიეროდ, მსახიობის ტყვეობაში ყოფნა ძალიან უყვარს.
სრულიად ახალგაზრდა, გამოუცდელი იყო ჯემალ ღაღანიძე ფირუზა რომ ითამაშა „მეტეხის ჩრდილში“.
თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში ელოდა მაყურებელი ფირუზას გამოჩენას, თავის სიძეზე ხომ განუწყვეტლად ლაპარაკობდა ს. ზაქარიაძის შეუდარებელი შაქრო: „ჩემო სიძე ფირუზა, იცით რა ბიჭია? - ოჰ, ის პარაოზის ვირთხა, ჩემი სიძე ფირუზა“... და ამოჩნდებოდა ფირუზაც. თავზე დიდი, „კარტუზიანი“ ქუდი ეხურა. შარვალზე გადმოწელ ხალათზე მაგრად შემოეჭირა ქამარი. გულზე სამკერდე ნიშნები დაებნია. ხელ-ფეხი დაგრძელებოდა უხერხულობისაგან და ადგილი ვეღარ მოენახა მათთვის. სახეს დიდი კეხიანი ცხვირი „უმშვენებდა“. თავს აწონდებდა სიდედრ-სიმამრს. იცინოდა ყოველ ფრაზაზე, როგორ ჰგავდა ეს დანაწევრებული, უაზრო სიცილი ყროყინს, ღვინოს შეექცეოდა სიმამრთან ერთად და უცბად სკამიდან გადავარდებოდა...
რაფინირებული იყო მსახიობის ოსტატობა ნ.დუმბაძის „მზიან ღამეში“, ბატონი გიორგის როლის შესრულებისას. ეს როლი პატარაა პიესაში, ცოტა სქემატურიც. ორიოდე სიტყვის თქმა უწევდა ბატონ გიორგის, იმასაც კარგად აწონ-დაწონიდა და ძლივს გაიმეტებდა მსმენელისთვის. პედანტი იყო, დაწვრილებული, გონებაჩლუნგი. ირგვლივ ყველასა და ყველაფერში.
ცუდს ხედავდა მხოლოდ. უფრთხილდებოდა საშინელ, შეუვალ გარსს მის პერსონას რომ იცავდა მთელი სამყაროსაგან. ძუნწი შტრიხებით მოხაზა მსახიობმა პერსონაჟის გარეგნული პორტრეტი. ძირითადი აქცენტი გამახვილდა ფსიქოლოგიურ პლასტებზე, გმირის შინაგანი სამყაროს სწორ გახსნასა და მაყურებელთან დამაჯერებელ მიტანაზე.
მსუბუქი იუმორით იყო შეფერილი ჯემალ ღაღანიძის მიკიჩა ა.ცაგარელის „ხანუმაში“. მსახიობმა ამ როლში პლასტიურად საინტერესო ნახაზი და სოციალურად მძლავრი, ტიპიური სახე მოგვცა იმ ადამიანისა, რომელმაც ამ რთულ საწუთროში ჭეშმარიტი ღირებულებების ფასი არ იცის. დაკარგული აქვს თავისი ნამდივილი სახე.
წელში გამართული დადიოდა ჯემალ ღაღანიძის გმირი, თმებიც გულმოდგინედ გადაევარცხნა და გაეპრიალებინა, დინჯად, წყვეტილი ფრაზებით ლაპარაკობდა, არ იღიმებოდა, უზრდელობაში არ ჩამითვალონო.

მხდალი და შესაბრალისი იყო ჯ. ღაღანიძის მალხაზ პინტრიშიძე, შ.დადიანის „გუშინდელნი“, ხალასი და თბილი - ილარიონა შევარდნაძე. ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, მხატვრულად საინტერესო ერემოსა და არჩილ ფორიას როლები კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარასა“ და ლ.ქიაჩელის „გვადი ბიგვაში“, წიწოლას შთამბეჭდავი სახე შეჰქმნა ჯ.ღაღანიძემ ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონში“ და სხვ."

მნიშვნელოვანი როლები:
ბ-ნი სიმო („ფილოსოფიის დოქტორი“), წიწოლა („ბახტრიონი“), ელგუჯა („ზღვის შვილები“), მამუკა („ერთხელ დახოცილები“), ჩივერი („სეილემის პროცესი“), როზენკრაც („ჰამლეტი“), კაკული („პეპო“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), არჩილ ფორია („გვადი ბიგვა“), ფირუზა („მეტეხის ჩრდილში“), ვაჭარი ტყუილკოტრიანცი („ხანუმა“), ლავრენტი და მამამთილი („კავკასიური ცარცის წრე“), ტირელი („რიჩარდ III”), კახელი, ქმარი („დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისთვის“), I ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), II ალქაჯი („მაკბეტი“), შალვა („მოხუცი ჯამბაზები“), ბენვოლიო („გონზაგოს მკვლელობა“), გეურქა („მზის დაბნელება საქართველოში“).

ჯილდოები
1967წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
1979წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია
1980წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
1998წ. - ღირსების ორდენი
2007წ. - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“
2009წ. - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
2010წ. - იპლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
   რუსთაველის თეატრის წარმატებული გასტროლი მექსიკაში
                        რუსთაველის თეატრის წარმატებული გასტროლი მექსიკაში
სპექტაკლმა „მარია კალასი. გაკვეთილი“  მექსიკელი მაყურებელი აღაფრთოვანა

რუსთაველის თეატრის დასმა  მექსიკის რესპუბლიკაში ქ. მეხიკოს ისტორიული ცენტრის ფესტივალში (festival del Centro Historico de Ia Ciudad de Mexico)მიიღო მონაწილეობა.
მექსიკის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ  რუსთაველის თეატრი იყო მიწვეული.



ფესტივალის დირექტორი ბატონი სერხიო ველა განსაკუთრებულად იყო დაინტერესებული, რომ   ფესტივალში მონაწილეობა მიეღო სწორედ რობერტ სტურუასა და მისი დასს. მისი ოფიციალური მიწვევით რუსთაველის თეატრის დასმა გახსნა ფესტივალი სპექტაკლით „მარია კალასი. გაკვეთილი“ ესპერანცა ირისის სახელობის თეატრში.  რუსთაველის თეატრმა სამჯერ წარმოადგინა  სპექტაკლი და ყოველ ჯერზე  აღფრთოვანებული  მაყულებელის ოვაციები ძალიან დიდხანს  არ წყდებოდა.   ყურედღების ცენტრში,  ცხადია,  კალასის როლის უბადლო შემსრულებელი ლელა ალიბეგაშვილი  გახლდათ.   დიდი მოწონება დაიმსახურეს მსახიობებმა: დავით დარჩიამ,  ლელა ახალაიამ, დავით უფლისაშვილმა, ქეთი სვანიძემ და ტენორმა არჩილ გოგიტიძემ. რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ფესტივალის უმთავრეს მოვლენად იქცა.
რუსთაველის თეატრის საერთაშორისო გასტროლის ფარგლებში მოეწყო პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ:  ფესტივალის დირექტორი ბატონი სერხიო ველა,  ბატონი რობერტ სტურუა, რუსთაველის დასის მსახიობები, ქ. მეხიკოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.  პრექსკონფერენციამ  ძალიან  საინტერესოდ ჩაიარა. 



რუსთაველის თეატრის წარმოდგენას  ესწრებოდნენ: მექსიკის კულტურის მინისტრი, სახვადასხვა ქვეყნების ელჩები,  საქართელოს საელჩოს მიწვევით მექსიკაში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსი, მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოსა და სხვა სახელმწიფო უწყებათა  წარმომადგენლები და  მექსიკის კულტურის მოღვაწენი.  სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
მიმდინარე  წელს საქართველოსა და მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება. რუსთაველის თეატრის დასის მონაწილეობა მსოფლიოს მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებაში  ხელს შეუწყობს  ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.
უღრმესი მადლობა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომელთა  ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდა რუსთაველის თეატრის  გასტროლი მექსიკის რესპუბლიკაში.