Loading....
         იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი შეიქმნა 1948 წელს, ხოლო თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყეს 1962 წლიდან. წელს 55-ჯერ მივულოცავთ მსოფლიოში ერთმანეთს ამ თარიღს. 
         ამ ტრადიციის მიხედვით მსოფლიო თეატრალურ მოღვაწეებს სიტყვით- გზავნილით მიმართავს ხოლმე მსოფლიო თეატრალური სამყაროს გამორჩეული პიროვნება. 
        თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის წესების მიხედვით გზავნილი ეგზავნება თეატრალებს და 27 მარტს თეატრები საკუთარ დარბაზებში შეკრებილ მაყურებელს, სპექტაკლის დაწყების წინ, ულოცავენ თეატრის საერთაშორისო დღეს და უკითხავენ გზავნილს. 
        ვფიქრობ, აქტიურად ჩაერთვებით - იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრში - გაწევრიანდებით და მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციებს, კავშირებს და შესაძლებლობებს. 
        იმედი გვაქვს წელს ამ დღესასწაულის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთვებიან თეატრები საქართველოში. 
        წელს თეატრის საერთაშორისო დღეს გვილოცავს ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი!
        წლევანდელი გზავნილი დატვირთულია მრავალი საჭირბოროტო საკითხით, პოლიტიკით, თეატრით, თანამედროვე ხედვით და წარსულის პატივისცემით. გზავნილს საჯაროდ წაიკითხავს იზაბელ იუპერი პარიზის იუნესკოს დარბაზში 27 მარტს! 
        კიდევ ერთხელ გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ შემოქმედებითად ნაყოფიერ წელს!! 
დავით საყვარელიძე 
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 
ლევან ხეთაგური
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) 
საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ორგანიზაცია 
მსოფლიო თეატრის დღის გზავნილი 2017 
წელს მსოფლიო თეატრის დღეს გვილოცავს ცნობილი ფრანგი მსახიობი 
იზაბელ იუპერი 
          მაშ ასე, ჩვენ კვლავ აქ ვართ. შევიკრიბეთ გაზაფხულზე, ჩვენი პირველი შეხვედრიდან 55 წლის შემდეგ1 , იმისთვის რომ აღვნიშნოთ მსოფლიო თეატრის დღე. მხოლოდ ერთი დღით, 24 საათით, მსოფლიო ზეიმობს თეატრის დღეს. და აი, ჩვენც აქ ვართ, პარიზში, მსოფლიოს პირველ ქალაქში, რომელმაც მოიზიდა საერთაშორისო თეატრალური ჯგუფები, იმისთვის რომ ერთად მიგვეგო პატივი სათეატრო ხელოვნებისთვის. 


    პარიზი მსოფლიო ქალაქია, რომელიც სწორედაც რომ შესანიშნავი ადგილია თეატრალური ტრადიციების აღსანიშნავად. აქედან, საფრანგეთის დედაქალაქიდან, ნოსა და ბუნრაკუს საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმოგზაუროთ იაპონიაში, გავყვეთ ფიქრებსა და ემოციებს, ისეთსავე მრავალფეროვანს, როგორიც პეკინის ოპერა და კათხაკალია. სცენა საშუალებას გვაძლევს რომ შევჩერდეთ საბერძნეთსა და სკანდინავიას შორის, რადგან ჩვენ წარმოვაჩენთ საკუთარ თავებს ესქილესა და იბსენში, სოფოკლესა და სტრინდბერგში, ის შესაძლებლობას გვაძლევს რომ ვიფრინოთ ბრიტანეთსა და იტალიას შორის, რამდენადაც სარა კეინსა და პირანდელოს ავსახავთ. ამ 24 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ საფრანგეთიდან რუსეთში, რასინისა და მოლიერის გავლით, ჩეხოვთან. ჩვენ ატლანტიკის ოკეანის გადალახვაც შეგვიძლია, თითქოს შთაგონების მუხტები ვიყოთ, რომელიც კალიფორნიის კამპუსს ემსახურება, აცდუნებს იქ ახალგაზრდა სტუდენტს, რომ თავიდან გამოიგონოს და შექმნას საკუთარი სახელი თეატრში.
    მართლაც, თეატრს აქვს ისეთი წარმატებული ცხოვრება, რომ მას შეუძლია არ დაემორჩილოს დროსა და სივრცეს. მისი ყველაზე თანამედროვე ნაწილები გასული საუკუნის მიღწევებით საზრდოობს, და ყველაზე კლასიკური რეპერტუარიც კი შეიძლება გახდეს ყოველ ჯერზე თანამედროვე და ცოცხალი, თუკი მას ახლებურად ითამაშებენ. თეატრი ყოველთვის იბადება თავისი ფერფლიდან, ყალიბდება მისი ჩვეულებებიდან, ახალ ფორმებში: აი, ასე რჩება მარად ცოცხალი. 
       ასე რომ, მსოფლიო თეატრის დღე, ნამდვილად სხვებთან ერთად განსახილველი და არაჩვეულებრივი დღეა. ის ჩვენ გვაძლევს წვდომას დროისა და სივრცის უსაზღვრო კონტინუუმთან, გლობალური კანონზომიერებების მთელი დიდებულების გათვალისწინებით. 
       კონცეპტუალურად ამ ყველაფრის ჩამოყალიბება გამიჭირდება, ამიტომ გთხოვთ ნება დამრთოთ მოვიყვანო ფრანგი დრამატურგის, ბრწყინვალე გონების მქონე, ჟან ტარდიუს ციტატა: „როდესაც ვფიქრობ სივრცეზე, - ამბობს ტარდიუ - მიჩნდება კითხვა: „რომელია ყველაზე გრძელი ბილიკი ერთიდან მეორემდე“? რაც შეეხება დროს, ის აქ გვთავაზობს საზომს „წამის მეათედი სჭირდება დროს რომ გამოვთქვათ სიტყვა - მარადისობა“, ხოლო დრო-სივრცის შემთხვევაში, ის ამბობს, „სანამ ჩაგეძინება მომართე შენი გონება სივრცის ორ წერტილზე, და გამოთვალე რა დრო დასჭირდება ოცნებას, რომ ერთი წერტილიდან მეორეზე გადავიდეს“. ეს არის ფრაზა, რომელიც არასოდეს მტოვებდა. როგორც ჩანს, ტარდიუ და ბობ ვილსონი ერთმანეთს შეხვდნენ. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაჯამოთ მსოფლიო თეატრის დღის უნიკალურობა სემიუელ ბეკეტის სიტყვების ციტირებით, რომელსაც ვინის პერსონაჟს ათქმევინებს, მისთვის დამახასიათებელი აჩქარებული სტილით: “ოჰ, რა მშვენიერი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო”.  
       ამ გზავნილზე ფიქრის დროს, ვიგრძენი დაფასება, რადგან მე მთხოვეს მისი დაწერა და გამახსენდა ყველა ჩემი ოცნება ამ სცენაზე. სამართლიანია ვთქვათ, რომ მე არ მოვსულვარ იუნესკოს დარბაზში მარტო, ყველა პერსონაჟი, რომელიც კი მითამაშია ოდესმე, ახლა აქ არის, ჩემს გვერდით. როლები რომლებიც თითქოსდა მტოვებდნენ ფარდის დაშვებისთანავე, მაგრამ რჩებოდნენ ჩემში და თავიანთ მიწისქვეშეთში აგრძელებდნენ ცხოვრებას, იმისათვის რომ დახმარება გაეწიათ ან პირიქით, გაენადგურებინათ ჩემი მომდევნო როლები. ფედრა, არამინტე, ორლანდო, ჰედა გაბლერი, მედეა, მერტეუი, ბლანშ დებუა. ეს პერსონაჟები მავსებენ და ერთად ვდგავარ ახლა თქვენს წინაშე, ვდგავარ იმ პერსონაჟებთან ერთად რომლებიც მიყვარს და აპლოდისმენტებით მივესალმები მათ, როგორც მაყურებელი. და სწორედ მათ გამო მივეკუთვნები მე მსოფლიოს. მე ვარ ბერძენი, აფრიკელი, სირიელი, ვენეციელი, რუსი, ბრაზილიელი, სპარსი, რომაელი, იაპონელი, ნიუ-იორკელი, მარსელი, ფილიპინელი, არგენტინელი, ნორვეგიელი, კორეელი, გერმანელი, ავსტრალიელი, ინგლისელი - მსოფლიოს ნამდვილი მოქალაქე, ჩემში არსებული პერსონალური, ვირტუალური ანსამბლის გამო. რომ სწორედ აქ, სცენაზე და თეატრში ვხვდებით ჩვენ ნამდვილ გლობალიზაციას. 
     მსოფლიო თეატრის დღეს, 1964 წელს, ლოურენს ოლივიემ განაცხადა, რომ საუკუნეზე ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ნაციონალური თეატრი შეიქმნა, რომელიც მას სურდა დაუყოვნებლივ გამხდარიყო საერთაშორისო, სულ მცირე რეპერტუარის მხრივ მაინც, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ შექსპირი მსოფლიოს საკუთრებაა. 
        ამ გზავნილის წერის დროს, მოხარული ვარ იმ აღმოჩენით, რომ მსოფლიო თეატრის დღის მილოცვა 1962 წელს მინდობილი ჰქონდა ჟან კოკტოს, შესაფერის კანდიდატს, ავტორს წიგნისა „დედამიწის გარშემო ისევ 80 დღეში“. ეს დამეხმარა იმის მიხვედრაში, რომ მე მსოფლიო სხვანაირად მოვიარე. 80 შოუთი თუ 80 ფილმით. ამ ფილმებში მე ვგულისხმობ სცენაზე ნათამაშებ როლებსაც, რადგან მე არ ვყოფ ერთმანეთისგან სცენაზე და ფილმში ნათამაშებ როლებს. ეს მე თავადაც მაოცებს ყოველ ჯერზე, როცა ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს სიმართლეა, მე ვერ ვხედავ ამ ორს შორის განსხვავებას. 
    აქ საუბრის დროს მე არ ვეკუთვნი ჩემს თავს, არ ვარ მსახიობი, იმ უთვალავ ადამიანთა შორის ერთ-ერთი ვარ, რომელსაც თეატრი იყენებს როგორც არსებობის წყაროს, და ჩემი მოვალეობაა ვიყო მგრძნობიარე ამის მიმართ - ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ განვაპირობებთ თეატრის არსებობას, პირიქით ჩვენს ყოფნას, სწორედ თეატრის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ. თეატრი ძალიან ძლიერია. ის გადაურჩა ომებს, ცენზურას და სიღარიბეს. 
      საკმარისია თუ ვიტყვით, რომ სცენა უხსოვარი დროიდან არის შიშველი წარმოდგენა. ყველაფერი რაც მას სჭირდება ეს მსახიობია. რა უნდა გააკეთოს მან? რაზე უნდა ისაუბროს? ისაუბრებს კი საერთოდ? მაყურებელი იცდის, ჩვენ კი არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მაყურებლის გარეშე თეატრი არ არსებობს. ერთი ადამიანიც კი მაყურებელია. მაგრამ, იმედი დავიტოვოთ რომ ბევრი თავისუფალი ადგილი არ დარჩება დარბაზში. იონესკოს წარმოდგემები ყოველთვის სავსეა, და ის მათ გვთავაზობს მხატვრულად, გულწრფელად, მამაცურად და შესანიშნავად, იმ სიტყვებით, რომელსაც მისი ერთ-ერთი პიესის ბოლოს მოხუცი ქალბატონი ამბობს: „დიახ, დიახ, დაე, მოვკვდეთ სრულ დიდებაში. მოდით სიკვდილით ლეგენდად ვიქცეთ... სხვა თუ არაფერი ჩვენი ქუჩა მაინც გვექნება..“ 
     მსოფლიო თეატრის დღე თავისი არსებობის 55 წელს ითვლის. 55 წლის განმავლობაში მე მერვე ქალი ვარ, რომელიც მოიწვიეს სიტყვის სათქმელად - თუ ჩვენ ამას გზავნილს დავარქმევთ, აი ეს გახლავთ. 
   ჩემმა წინამორბედებმა (ოჰ, როგორც ამას მამრობითი სქესი აკისრებს თავის თავს!) ისაუბრეს წარმოსახვის თეატრზე, თავისუფლებაზე, და თვითმყოფადობაზე, იმისათვის რომ გამოეხმოთ სილამაზე, მულტიკულტურალიზმი და დაესვათ პასუხგაუცემელი შეკითხვები. 2013 წელს, სულ რაღაც 4 წლის წინ დარიო ფომ თქვა: „კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა „ჯადოქრების წინააღმდეგ“ ბრძოლაზე გადის, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც თეატრალური ხელოვნების შესწავლა სურთ: თუმცა გამოჩნდება მსახიობების ახალი დიასპორა, რომლებიც უეჭველად შექმნიან ამ წინააღმდეგობებისგან წარმოუდგენელ სარგებელს, მათი გამოხატვის ახალი ფორმების პოვნით“. წარმოუდგენელი სარგებელი - ჟღერს როგორც კარგი ფორმულა, ღირსი იმისა რომ გამოიყენონ პოლიტიკურ რიტორიკაში, არ ფიქრობთ ასე? 
   და რადგან მე ახლა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პარიზში ვიმყოფები, მინდა რჩევა მივცე მათ, რომლებიც როგორც ჩანს მთელი გულით ილტვიან რომ გვმართონ, მათ უნდა იცოდნენ იმ წარმოუდგენელი სარგებლობის შესახებ, რომლის მოტანაც თეატრს შეუძლია. მაგრამ, მე მინდა აქვე აღვნიშნო, „არავითარი ნადირობა ჯადოქრებზე“! 
   
თეატრი ჩემთვის წარმოდგენს სხვას, ეს არის დიალოგი, ეს არის სიძულვილის არარსებობა. „ადამიანებს შორის მეგობრობა“ - მე ახლა ბოლომდე ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს, მაგრამ მე მჯერა ერთობის, მაყურებლებსა და მსახიობებს შორის მეგობრობის, მტკიცე კავშირის იმ ხალხებს შორის რომელთაც თეატრი აერთიანებთ - მთარგმნელებს, პედაგოგებს, კოსტიუმების მხატვრებს, მსახიობებს, მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და მაყურებელს. თეატრი გვიცავს და გვიფარებს. მე მჯერა რომ თეატრს ვუყვარვართ, ისევე ძლიერ როგორც ჩვენ გვიყვარს ის. 

მახსენდება ერთი მოძველებული თეატრის რეჟისორი რომელთანაც ვმუშაობდი, რომელიც საღამოს ფარდის გახსნამდე მთელი ხმით ღრიალებდა: „გზა დაუთმეთ თეატრს!“ - და ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვები დღეს. 

გმადლობთ! 

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრი

Comments/disqusion
No comments