Loading....
                                              ,,წყეულო ლაქავ, გამშორდი-მეთქი!..“
,,ლედი მაკბეტი - გამშორდი, წყეულო ლაქავ გამშორდი - მეთქი!..
ჯოჯოხეთში უკუნეთის სიბნელეა... გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს!
მეომარი და თრთოლვა! ან რათ გეშინიან, შეგვიტყობენო?! თუნდა
შეგვიტყონ, ვინ გაბედავს ანგარიშის მოთხოვნას?        ვინ იფიქრებდა,
რომ ბერიკაცს იმდენი სისხლი ექნებოდა!“
,,ლედი მაკბეტი - ... რა ვქნა, ამ ხელებს თავის დღეში სიწმინდე აღარ
მოეკიდებათ!..“
,,ლედი მაკბეტი - მაინც სისხლის სუნი მომდის; მთელის არაბეთის
სურნელოვანი ბალახები ამ პატარა ხელს ვერ გაწმენდნენ...“
უილიამ შექსპირი - ,,მაკბეტი“.

       მთელი სცენა სიბნელეშია გახვეული. თითქმის, არაფერი ჩანს. სიღრმეში, მარჯვენა კუთხეში, მომცრო სვეტივით, ოდნავ გამოჩნდება სივრცე. თოვს, ბარდნის... ისეთი შეგრძნება გვეუფლება, აუცილებლად ძლიერი ქარიც უნდა უბერავდეს... უფრო სწორად, იქაურობას უნდა გლეჯდეს... შავებში გახვეული ქალის პატარა სხეული, ძლივს მოჩანს... თოვლსა და ქარში, თითქოს სიარულიც უჭირს... ან იქნებ, განვლილი მძიმე ცხოვრების, ჩადენილი ცოდვების, არცთუ სახარბიელო ხვედრის ტვირთი აწვება მის სუსტ ზურგსა თუ მხრებს... თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავს, სულაც უსპობს... ამიტომ, წელში მოხრილა მარიამი (ნანუკა ხუსკივაძე), ბარბაცებს კიდეც... რაღაც მომენტში, წაიფორხილებს, დაეცემა... მერე, მიმივით იწყებს მოძრაობას. ხაზგასმით შენელებულად გადაადგილდება სცენაზე, რის გამოც, პანტომიმის თეატრის მსახიობს მოგვაგონებს (ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე).
        თამაზ ჭილაძის პიესა ,,არაბეთის სურნელოვანი ბალახები“, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ დადგა. ამ დრამატურგის ნაწარმოებები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან იდგმებოდა რუსთაველის თეატრში (რეჟისორები იყვნენ: გიზო ჟორდანია, თემურ ჩხეიძე). 70-ანი წლების მიწურულს, რობერტ სტურუამ, თ. ჭილაძის პიესის მიხედვით, ძალზე საინტერესო წარმოდგენა, ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ შეთხზა. მას შემდეგ,  რეჟისორმა დრამატურგის რამდენიმე ქმნილება გადაიტანა სცენაზე. საკმარისია გავიხსენოთ: ,,ნახვის დღე“, ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, ,,ნადირობის სეზონი“... თუ არ ვცდები, ,,არაბეთის სურნელოვანი ბალახები“, რომელიც დაახლოებით ორი ათეული  წლის წინაა დაწერილი, ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა.
       ვფიქრობ, ზედმიწევნით მართებულია დამდგმელი რეჟისორის  პოზიცია. ჯერ ერთი, ძალზე რთულია (თითქმის, წარმოუდგენელიც კი), ისეთი პიესის სცენაზე გადატანა, რომელშიც დინამიური, მიმზიდველი, დამაინტრიგებელი ამბავი არაა. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ასეთ წარმოდგენაზე მაყურებლის (მით უფრო, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე)მოყვანა, ნამდვილი დილემაა. თამაზ ჭილაძის პიესაში, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი ხდება. თბილისში, გასული საუკუნის 90-ანი წლების  დასაწყისში, სამოქალაქო ომი მძვინვარებს. თუმც, ყველაფერი ეს გარეთ ხდება. მხოლოდ ინტენსიური სროლის, მძლავრი აფეთქების ხმა აღწევს მოქმედ პირებამდე. კიდევ, მათ შიათ, ცივათ, შუქი არა აქვთ. ესაა, ასაკის გამო, სულ სხვა რეალობაში გადასული, საკმაოდ ხანდაზმული რძალ-დედამთილი... სიკვდილსაც, რომ დავიწყებია, თითქოს... გარეგნული ზრდილობიანი ეტიკეტის, ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი მზრუნველობის მიღმა, უკომპრომისო შინაგანი დაპირისპირება და ზღვარდაუდები ფარული, უკიდურესი სიძულვილი იმალება.
        ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, თითქოს უარს ამბობს ეპოქის დაკონკრეტებაზე. თუმც, ყურადღებიანი მაყურებელი მაინც მიხვდება, რომ რძალ-დედამთილის დიალოგი-დუელი თუ ორთაბრძოლა, უახლოეს წარსულში მომხდარი თბილისის ომის ფონზე ვითარდება; მაგრამ, რეჟისორი ამის ხაზგასმას გაურბის. ყოველივე ზემოაღნიშნული ფონია მხოლოდ, ოდნავი მინიშნება. მისთვის უმთავრესი ანასტასიასა (ნანა ფაჩუაშვილი) და მარიამის ხასიათთა გახსნა, მათი შინაგანი სამყაროს წარმოჩენაა. რაც მთავარია, რელიეფურად, მკაფიოდ, ხელშესახებად იკვეთება ამ ორ ადამიანს შორის არსებული უმწვავესი კონფლიქტი. რაღაც მომენტში, იმიტომ რომ რეჟისორი განზრახ გაურბის დროის, ეპოქის, ყოფის დეტალიზაცია-დაკონკრეტებას, მაყურებელს ჰგონია, თითქოს აბსურდის ჟანრის სპექტაკლს ესწრება; სადაც, მოქმედების ადგილი, მოქმედი პირნი განზოგადოებულ-აბსტრაგირებულნი არიან. ამას ხელს უწყობს ხაზგასმულად პირობითი სცენოგრაფია (მხატვარი - მირონ შველიძე) და ძალზე შთამბეჭდავი, სათანადო ატმოსფეროსა თუ განწყობის ზედმიწევნით უტყუარად შემქმნელი მუსიკალური გაფორმება (კომპოზიტორი- ნიკა მაჩაიძე).
    რეჟისორი, ქორეოგრაფთან (მ. ალექსიძე) თანამშრომლობით, შეძლებისდაგვარად (ხან წარმატებით, ხან კი წარუმატებლად) ცდილობს, ორი ქალის უხვსიტყვიანი, ვრცელი დიალოგი, სახიერ, დინამიურ წარმოდგენად აქციოს. ამიტომ, თხზავს პლასტიურ, ქმედით მიზანსცენებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად, ერთი შეხედვით, მინიმალისტური დეკორაციისა თუ „ღარიბი“ რეკვიზიტისა, ყველაფერი ის, რაც სცენაზეა, მოქმედებაშია ჩართული; ძალზე მრავალფეროვანი და ეფექტურია განათების პარტიტურა. უდაოდ იგრძნობა ისეთი მხატვრის ოსტატობა, გემოვნება, ხედვა, როგორიც მ. შველიძეა... და ბოლოს, რაც არ უნდა სახიერი, შთამბეჭდავი, მიმზიდველიც არ უნდა იყოს ყოველივე ზემოაღნიშნული, ყველა ეს კომპონენტი, რისგანაც თეატრის სინთეზური ხელოვნება შედგება, აბსოლუტურად გაფერმკრთალდება თუ სცენაზე არაა ორი მსახიობი-ოსტატი...
         ნანა ფაჩუაშვილი და ნანუკა ხუსკივაძე სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა სამსახიობო სკოლის წარმომადგენლები არიან. თუმც, რაც იმ საღამოს, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ვნახე,  უდაოდ მისაბაძი, იშვიათი პარტნიორობის მაგალითი გახლდათ. ორივე მსახიობი ზედმიწევნით ყურადღებით უსმენდა პარტნიორს, აკვირდებოდა მის პლასტიკას, მოძრაობას; რაც მთავარია, პარტნიორთან ერთად,  თავიდან ბოლომდე ჩართული იყო სასცენო ქმედებაში; ისინი ორგანულად, ბუნებრივად, დამაჯერებლად, უტყუარად გადმოგვცემდნენ თავიანთი სცენური გმირების განცდას, ნააზრევს, შეგრძნებებს... რაც მთავარია, ეს ემოცია წრფელი შინაგანი განცდის გამოძახილი გახლდათ და არა ,,ნათამაშები“, ყალბი, ხელოვნური...
        ნანა ფაჩუაშვილის მიერ განსახიერებული ანასტასია ყოფილი მსახიობია; მაყურებლის თუ მამაკაცთა ყურადღებას მიჩვეული; ერთგვარად, ყოველივე ამით განებივრებული, ჭირვეული ზნის ქალბატონიც კია. მუდამ, ყურადღებისა თუ მზრუნველობის ქვეშ ყოფნის ეგოისტური სურვილი ამოძრავებს. მსახიობი, განცდისა თუ ემოციის ამ მრავალფეროვან პალიტრას, ძალზე გამომსახველი საშემსრულებლო მანერით წარმოაჩენს. კიდევ ერთი შტრიხი, დეტალია ხაზგასასმელი. ნ. ფაჩუაშვილის მიერ განსახიერებული ანასტასია, მართალია ასაკით ბევრად უფროსია თავის რძალზე, მაგრამ მაინც ერთგვარი ქედმაღლობით, ზემოდან დასცქერის მარიამს. შემთხვევას არ უშვებს, საკუთარ უპირატესობას ხაზი არ გაუსვას. ყოველივე ეს რამდენიმე ფაქტორს ემყარება. ჯერ ერთი, ანასტასია ყოფილი მსახიობია, წარმატებაც უნახავს და თაყვანისმცემელთა ზღვა არმიაც. ამდენად, რძალს უნიჭო ერთფეროვნებად აღიქვამს, რომელსაც მასთან შედარებით, საკმაოდ უფერული, უღიმღამო, ყოფით -პროზაული, მოსაწყენ-მოსაბეზრებელი ცხოვრება აქვს გამოვლილი. მაშინ, როცა ანასტასია, პროფესიასა თუ პირად ცხოვრებაში, ფეიერვერკული, თვალისმომჭრელი, სულის შემგუბებელი კალეიდოსკოპური მრავალფეროვნებით იყო განებივრებული; სამჯერ გახლდათ გათხოვილი; ამას გარდა, სხვაც ბევრი ეტრფოდა. ბოლოს, მისი მეუღლე ყველა ქალისათვის საოცნებო მამაკაცი იყო... რომელიც, იმ ავბედით დროს (გასული საუკუნის 30-ანი წლები) დახვრიტეს... ანასტასია და მარიამი იმგვარად აღწერენ ამ კაცის გარეგნულ პორტრეტს თუ წარმოაჩენენ მის ხასიათს, ძალაუნებურად, სანდრო ახმეტელის ფოტო თუ პიროვნება წამოგიტივტივდება მეხსიერებაში...
     ნანუკა ხუსკივაძის სცენური გმირი, დედამთილთან შედარებით, აშკარად წამგებიანი ხვედრის ადამიანია. მსახიობი, გარეგნულადაც ცდილობს, ერთგვარად უსახური, დაკომპლექსებული ადამიანის სცენური პორტრეტი შექმნას. მან ასე იცხოვრა, დედამთილის ჩრდილქვეშ, მის მიმართ მოწიწებასა და მორჩილებაში; როგორც სახლის პატარა, ფინია ძაღლმა, რომელიც ოჯახში ყველას კუდს უქიცინებს; ცდილობს ასიამოვნოს მათ. პირად ცხოვრებაშიც არ გაუმართლა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი დედამთილივით თეატრის ე.წ. ,,პრიმა აქტრისა“, ,,პრემიერშა“ არ იყო; მას ქმრად არარაობა, ავადმყოფი, სნეული ერგო, რომელსაც მთელი ცხოვრება უვლიდა. თავდაპირველად, სცენაზე პირველი გამოჩენისას, ნ. ხუსკივაძე რაღაც მანერული მეჩვენა. ალბათ, ამის მიზეზი ზედმეტად ხაზგასმული პლასტიური მონახაზია, რომლითაც მის მიერ განსახიერებული სცენური გმირი პირველად გამოეცხადება მაყურებელს.  საბედნიეროდ, წარმოდგენის მსვლელობა ამ პირველ შთაბეჭდილებას უკვალოდ ფანტავს. მსახიობი გაშიშვლებული ნერვივითაა, რომლის არათუ ყოველ მოძრაობას, ოდნავ თრთოლვასაც კი უტყუარად, დამაჯერებლად აღვიქვამთ, შევიგრძნობთ. ნ. ხუსკივაძე ახერხებს მარიამის ყველა განცდა, ტკივილი გადმოგვცეს. თითქოს, მასთან ერთად, ხელახლა განვიცდით ე.წ. ,,პატარა ადამიანის“ უუფლებო, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ არსებობას... ამიტომ, თანავუგრძნობთ კიდეც მას... თანდათან, ბუნებრივად, თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იბადება ნამდვილი, გულწრფელი თანაგანცდა. ისიც კი გვესმის თუ რატომ ატარებს ამხელა სიძულვილს, ეს ერთი შეხედვით სუსტი, ნაზი არსება. მისი უძილობისგან, უკვე კარგა ხნის წინ დამშრალი ცრემლისგან დაწითლებული, დაღლილ-დაქანცული თვალები, მათი პატრონის სულის სარკე თუ ანარეკლია.
        ძალზე სახიერია მინის მიღმა, თითქოს რეჟისორის მიერ კინემატოგრაფის ხერხით, ე.წ. ახლო ხედით საგანგებოდ, გამიზნულად, ხაზგასმით გამოკვეთილი ამ ორი ქალის პორტრეტი. გამადიდებელი შუშის მეშვეობით, ლამის მათ სულში გვახედებს ნ. ჰაინე-შველიძე. ამასთან, წარმოსახვით აკვარიუმში გამომწყვდეულ, რაღაც ფანტასმაგორიულ არსებებსაც ჰგვანან. სპექტაკლის მსვლელობასთან ერთად, თანდათან იხსნიან ნიღბებს და წლების მანძილზე, ერთმანეთის მიმართ დაუოკებელი ზიზღით, სიძულვილით აღვსილი ორი ქალი შეგვრჩება ხელთ. ორივე მზადაა მეორეს სიცოცხლე დაუფიქრებლად მოუსწრაფოს; დიდი ხნის დაგროვილი, შეკავებული ემოცია გადმოანთხიოს თუ სურვილი  აისრულოს...
      ზემოდან ჩამოშვებული, თოკებზე მოქანავე მინის ფარი, რომელიც მანამდე სცენას ჭაღივით დაჰყურებდა, უფეხო მაგიდად ქცეულა; მის სხვადასხვა კუთხეში, ერთმანეთის პირისპირ, დაუძინებელი მტრებივით, ბრალდებულ-ბრალმდებელივით, გამომძიებელ-პატიმარივით სხედან რძალ-დედამთილი. როგორც ასეთ დროს, ტრადიციულად ხდება ხოლმე, მაგიდის პატარა ნათურა ანთია... სიძულვილს აღარც ერთი აღარ მალავს. მეტიც, დედამთილი რძალს ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილი ქმრის მკვლელობაში სდებს ბრალს... დაპირისპირება კულმინაციას აღწევს... რძალი უკანასკნელ, მომგებიან ბანქოს ჩამოდის... თურმე, ისინი, როგორც ქალებიც კონკურენტები ყოფილან... მარიამს მთელი ცხოვრება ანასტასიას ქმარი, ანუ თავისი მამამთილი  ყვარებია სიგიჟემდე... რაღაც აპოკალიფსური აღსასრულის მოლოდინის განწყობა ისადგურებს... ორივე მსახიობი თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მიდის საფინალო კულმინაციურ კვანძის გახსნამდე; სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე, ამზადებს რა როგორც მაყურებელს, ისე მის მიერ განსახიერებულ სცენურ გმირს. ეპიზოდიდან ეპიზოდამდე, სცენიდან სცენამდე, განცდა, ემოცია სპირალისებურად, სულ მაღლა მიიწევს... წარმოდგენის ფინალში, ის დუღილის უმაღლეს ტემპერატურას აღწევს... რძალი, თითქოს დიდი ხნის ნანატრ, ნაოცნებარ, ნალოლიავებ გამარჯვებას აღწევს, საბოლოოდ სპობს დედამთილს... ყველაზე მთავარი მაინც ორი ქალის წმინდა ქალური კონკურენცია თუ ურთიერთდაპირისპირება აღმოჩნდება!..

       სპექტაკლიდან გამოსულს დიდხანს მოგყვება ნანახით გამოწვეული არა მხოლოდ შთაბეჭდილება, არამედ განწყობა; წარმოდგენის შექმნაში მონაწილე ყველა ადამიანის მიმართ მადლიერების გრძნობა; დაუვიწყარი აქტიორული დუეტი და... საიდანღაც, უნებურად წარმოქმნილ-აკვიატებული აბეზარი აზრი, რომლის თავიდან მოშორებას ვერაფრით ახერხებ... მიუხედავად გაწეული უდიდესი შრომისა, დახარჯული ენერგიისა თუ დროისა, რაც მთავარია, მიღწეული შედეგისა, ამ სპექტაკლს, ქართული სინამდვილიდან, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაყურებელი ეყოლება?!.. მართალი გითხრათ, მზა პასუხიც უმალ გინათებს გონებას... თუმც, თავს უკმაყოფილოდ აქეთ-იქეთ აქნევ, რათა არ იფიქრო იმაზე, რაზე ფიქრიც არ გსურს... ჩვენ, ადამიანებს განგებამ ხომ არაჩვეულებრივი უნარი მოგვანიჭა - იოლად უკუვაგდოთ, დავივიწყოთ ის, რაც ხელს გვიშლის, არ მოგვწონს...

                                                                                                                                    გიორგი ცქიტიშვილი

Comments/disqusion
No comments