Loading....
გამოგიტყდებით და მეგონა...   „პარალელური“ ფიქრები რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლზე
      პარალელური ვისთან?
      თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილთან, და არა მხოლოდ მასთან.
       განსაკუთრებით მასთან, ვინც ბოლო დროს, დიდ(უკვე  გენიალურსაც თამამად უწოდებენ ) რეჟისორზე  უცნაურად იყო გადაკიდებული. იმდენად უცნაურად, რომ მის შემოქმედებით კრიზისზე თვით აქუს ეთერშიც კი საუბრობდა.
       ამის გამო, პირდაპირ თუ ირიბად, არაერთხელ გამიკენწლავს.
       არც დიდ(გენიალურ) რეჟისორს დაუკლია მისთვის სოციალურ ქსელში მწარე ირონია.
       და აი, სწორედ სოციალურ ქსელში  ლაშა ჩხარტიშვილის ასეთ პოსტს ვკითხულობ:
       „მოულოდნელი და იმავდროულად სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო რობერტ სრურუამ რუსთაველის თეატრში ახალი სპექტაკლით „დაკანონებული უკანონობა“. გამოგიტყდებით და მეგონა, რომ რობერტ სტურუა ახალი დადგმით ვეღარ გამაოცებდა(მეც და ჩემს კოლეგებსაც), მაგრამ მაინც შეძლო შეექმნა ისეთი ამბავი,  სამყარო სცენაზე, რომელიც არ მოგვადუნებდა, წარმოდგენის მსვლელობაში ჩაგვრთავდა და სიამოვნებასაც მოგვანიჭებდა... ასეთი სხარტი და მოქნილი სპექტაკლი რობერტ სტურუას ბოლო პერიოდში ალბათ არ დაუდგამს. მკაცრად რიტმულ - დინამიკური და სიუჟეტის მსუბუქი განვითარება, გაჯერებული პუბლიცისტიკით, ირონიით და თვითირონიით, იუმორით, სარკაზმით და გამორჩეულად ფერადოვანი(ზოგიერთი მათგანისგან მოულოდნელიც კი) მხატვრული სახეებით, რუსთაველის თეატრის მსახიობები რომ ქმნიან, მთლიანობაში ფეიერვერკულ სანახაობას ქმნის... სპექტაკლში ბრეხტის „ეპიკური თეატრის“ ხერხებს უკვე მიჩვეულ(შესაძლოა გადაღეჭილიც კი) რობერტ სტურუას სათეატრო ენა ცვლის, თუმცა განახლებულად, ახლებურად, გაჯანსაღებულად, სადად და თანამედროვედ“...
      ეს გრძელი ციტატა იმისთვის არ მოვიხმე, რომ ახალგაზრდა თეატრმცოდნე ლოგიკურ ან სტილისტიკურ შეცოდებებში ვამხილო(თუმცა, არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფეისბუქურ პოსტებში ენის მიმართ დაუდევრობა დასაშვებია), ამჯერად ჩემთვის მთავარი ისაა, რომ დიდმა(გენიალურმა!) რეჟისორმა ურწმუნო თომაც კი დაარწმუნა.
       გამოგიტყდებით და არ მეგონაო?!
       ასეთი სხარტი და მოქნილი სპექტაკლი ბოლო პერიოდში, ალბათ, არ დაუდგამსო?!
        მე რომ მომეთმინა, ქალბატონი მანანა თევზაძე არ მოითმენდა. მყისვე გამოეხმაურა კიდეც: „ ლაშა, „ასულნი“ დაგავიწყდა?!“
         „ ასულნი“ - პოლიკარპე კაკაბაძის პიესების კი არა, ფრაზების მიხედვით დადგმული ბრწყინვალე წარმოდგენა!
           მაგრამ, ქალბატონო მანანა, ეს „ დავიწყება“ უნდა შევუნდოთ: რობერტ სტურუამ ამჯერად ისეთი სპექტაკლი გვაჩვენა, რომ ყველაფერს დაგავიწყებს „კავკასიური ცარცის წრის“ გარდა.
         ,,კავკასიურს“ თუნდაც იმიტომ ვერ დაგავიწყებს, რომ თვითონვე არაერთხელ გახსენებს.
          რატომ? 
          ჩემი აზრით, იმიტომ, რომ გვითხრას, ესეც ბრეხტია, ოღონდ, უკვე ოცდამეერთე საუკუნის ბრეხტი!
          ოცდამეერთე საუკუნის სტურუა, რომელსაც თითქოს, გამუდმებით ჩაესმის გალაკტიონის სიტყვები: „დრო, დრო აღნიშნე!“
            და ჩვენს დროში არავინ ისე არ გრძნობს და აღნიშნავს დროს, როგორც რობერტ სტურუა.
            და ჩვენს დროში მას  შეუძლია, დაიკვეხნოს გალაკტიონივით: „ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები“...
           სწორედ უდაბნოში დაეძებენ ახალი სპექტაკლის მთავარი პერსონაჟები ნავთობის საბადოს და ამ გზაზე  გამოჩნდება ყველა ადამიანური ნაკლი და ღირსება, სიკეთე და ბოროტება, სამყაროს ყველა ის უსამართლობაც, რაზეც ბრეხტი წერდა, სტურუა კი დგამს.
                                                               ***
             გერმანიაში ბერთოლდ ბრეხტი იმიტომ დაიბადა, რომ ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ საქართველოში რობერტ სტურუა დაბადებულიყო. - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში დავწერე თუ არა, ერთი გაბიზნესმენებული ჰუმანიტარი  უმალვე შემეხმიანა: „ რამდენად მომყიდი ამ აზრს?“
               მილიონად - მეთქი, ვუთხარი, არა იმიტომ, რომ ახლა მას ნამდვილად შეუძლია(ჯვარი სწერია) ბევრის გადახდა(თუ გაიმეტებს), უბრალოდ, გაყიდვას არ ვაპირებდი.
              ახალი სპექტაკლით რობერტ სტურუამ დაგვიმტკიცა, რომ ბრეხტი(შექსპირიც!) სწორედ მისთვის წერდა.
               კიდევ კარგი, რომ პოლიკარპე კაკაბაძეც მისთვის წერდა!
               ახალ სპექტაკლს რომ უყურებ, თანდათან ხვდები, რომ   არანაკლებ მნიშვნელოვანს გვეუბნება,  ვიდრე თავის დროზე ,,კავკასიურმა ცარცის წრემ“ გვითხრა. ოღონდ, კარგად უნდა გავიაზროთ: ბრეხტი და სტურუა გვეუბნებიან ერთს და უნდა ვიგულისხმოთ მეორე. მაგალითად, შეუძლებელია, ისინი ამას ფიქრობდნენ: „ძლიერს უნდა დაეხმარო, სუსტი უნდა დაჩაგრო!“ პირიქით, სწორედ ამას უპირისპირდებიან.
          რაც შეეხებათ მსახიობებს, რომლებიც „სტურუას არ უყვარს“:
          ზვიად პაპუაშვილი ხანდახან რამაზ ჩხიკვაძეს მოგვაგონებს(ცხადია, შეგნებულად), მაგრამ მთავარი გმირის სახეს თავისი(ძლიერი) ფერებით ხატავს; აქვე უნდა ითქვას: სპექტაკლში  იგრძნობა ნოსტალგია დიდ მსახიობზე. რეჟისორმა იცოდა, რომ  მას მაყურებელი აუცილებლად მოისაკლისებდა და „დაასწრო.“ მართლაც, თუ რაიმე აკლია სტურუას ბოლოდროინდელ დადგმებს, უწინარესად, რამაზ ჩხიკვაძის ვირტუოზობა, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ზვიად პაპუაშვილმა ამ სპექტაკლში ისევე ღირსეულად ზიდა მთავარი გმირის ტვირთი, როგორც  დავით უფლისაშვილმა - „იულიუს კეისარში“...
         სტურუა კი ყოველთვის  სტურუაა...
          ეკა მინდიაშვილის პერსონაჟიც თან ჰგავს და თანაც ძალიან არ ჰგავს იზა გიგოშვილის(ანდა თათული დოლიძის) გრუშეს. ამ მსახიობსაც აქვს თავისი ფერები;
          ნიკა ქაცარიძის შეიხი ქართულ თეატრში ბოლო დროს შექმნილი ერთ - ერთი ყველაზე საინტერესო ნიღაბია;
           აქ ცოტა „შევისვენოთ“.

            თეატრში, რა თქმა უნდა, სიტყვა უმნიშნელოვანესია, თუმცა ზოგიერთ რეჟისორს(გვარასაც ვიტყი და სახელსაც - ლევან წულაძე) ეს ჭეშმარიტება დაავიწყდა. ილია ჭავჭავაძე თეატრს ..ორ ღვაწლს“ სთხოვდა - ენისა და ზნეობის დაცვას.
              ჩვენი თეატრების უმეტესობა  დღეს აღარც ენას იცავს  და აღარც ზნეობას.
              ამჯერად ამას ვერ ვიტყვით: სცენიდან დიდი დრამატურგის ტექსტი  სანიმუშო  ქართულით გვესმის. რაც შეეხება ზნეობას, ეს სპექტაკლი ხომ მთლიანად ამაზეა - ზნეობის უკლებლივ ყველა ასპექტზე.
              და მაინც, თეატრი სანახაობაა და აქ სიტყვის ქმედებად ქცევაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია არა მხოლოდ ის, რასაც შეიხი ამბობს, არამედ ის, თუ როგორ ამბობს. როგორ შემოდის ნიკა ქაცარიძე!  როგორ დადის! როგორ მეტყველებს! როგორ აცვია! რა მეტყველია ეს ყველაფერი. რობერტ სტურუა(ვისაც „მსახიობი არ უყვარს“) დიდოსტატურად განაგრძობს  დაუვიწყარი არტისტული ნიღბების შექმნას. ამჯერად ნიკა ქაცარიძე აღმოჩნდა „ის ბედნიერი“
           თუმცა, რატომ მხოლოდ ის. იგივე ითქმის დავით დარჩიაზე, ვისი მოსამართლეც, ჩაცმულობითა და მეტყველებით ასევე  გამორჩეული, ერთდროულად განასახიერებს ბრეხტს, სტურუას, თემიდას და სპექტაკლის მთავარ სათქმელს  გამოხატავს. როცა მრავალშვილიანი ქვრივი ჰკითხავს, ჩემი ქმრის მკვლელს რას უპირებო,  პასუხი ასეთია: ,,მას უარესი სასჯელი ელის - აქ დარჩება და იცოცხლებს სამარადისოდ!“;
           დავით გოცირიძეში ყოველთვის იგრძნობოდა დაფარული არტისტული პოტენციალი, რაც ამ სპექტაკლში აღარ დაიმალა;
             აქტიორული დაოსტატების გზაზე ახალ წახნაგებს გვიჩვენებენ ბექა სონღულაშვილი  და   ქეთი სვანიძე;
               სპექტაკლის ქსოვილში ორგანულად ეწერებიან ანდრია თავბერიძე და ედმონდ მინაშვილი.
            ამიტომაც არ გამკვირვებია ბატონი რეზო კლდიაშვილის გამოხმაურება: „რაო, სტურუა ამოიწურაო(ესეც „ადრინდელი“ ლაშა ჩხარტიშვილის გასაგონად - ავტ.)? მიბრძანდით რუსთაველის თეატრში და იხილეთ თეატრალური ზეიმი, მსახიობები ნამდვილი ვირტუოზები არიან. გეთანხმები, ლაშა.“
              იქვეა კოტე მირიანაშვილის კომენტარიც: „ ვეთანხმები ლაშას. ძალიან კარგი სპექტაკლია, დახვეწილი, ნატიფი, გამომგონებლური, ხულიგნური, თვითირონიული, ლამაზი და ა. შ. ნავთობის ფასებზე მუსიკალური ვაჭრობა! რამ მოაფიქრებინა! და თან როგორი ზუსტი, სახიერი და მეტაფორულია ჩვენ დროში, როდესაც ასე აბურთავებენ ამ ნავთობის ფასს. სამჯერ გაცოცხლებულმა მკვდარმა პერსონაჟმა რამაზ ჩხიკვაძის ინტონაციით რომ დაიძახა- აღარ გამანებებთ თავს?! - კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ იცის ამ კაცმა, ყველაფერი იცის და ძალიან მაგარია, მწვერვალებიც მაღალი აქვს და კრიზისებიც შესაბამისი - გენიოსია და რა ქნას?!“
           დიახ, იცის ამ კაცმა, მაგრამ ჩვენ თუ ვიცით?..
          ცხადია, ეს კითხვა ყველას არ ეხება.
          დღეიდან - აღარც ლაშა ჩხარტიშვილს.
          მიხარია...
          ასე იცის სტურუამ...

                                                                                                 იოსებ ჭუმბურიძე      

Comments/disqusion
No comments