Loading....
მაკო გოჩაშვილი

„მე უფრო მჭირდება თეატრი, ვიდრე თეატრს მე“, ეს სიტყვები ნანა ფაჩუაშვილს ეკუთვნის, მსახიობს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსთაველის ისტორიის შექმნაში.  
ნანა ფაჩუაშვილმა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დოდო ალექსიძის სკოლა გაირა, რის შესახებაც ამბობდა: „დოდო ალექსიძის ამაგის დავიწყება იგივე იქნებოდა, რაც სცენაზე გამოსული აქტიორისათვის როლის შეხსენება.“
რუსთაველის თეატრში მოღვაწეობის პირველივე წელს  ხუთი სცენური სახე შექმნა, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია ევას როლი ბადრი კობახიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ღვთაებრივი კომედია“
„როდესაც მეკითხებიან, თქვენი საყვარელი როლი რომელიაო? დაუფიქრებლად ვპასუხობ, --- ევა, სპექტაკლში „ღვთაებრივი კომედია“. ეს გახდათ ჩემი სავიზიტო ბარათი. დებიუტი, რომელმაც უკვე დაუბრკოლებლად გამიხსნა გზა რუსთაველის თეატრში. მე ევა ვიყავი... დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა და ჩემთვის რუსთაველის თეატრში მწვანე შუქი აინთო!“
რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულ მის პირად საქმეში ვკითხულობთ: „მან კარგად იცის ის გამომსახველობითი საშუალებები, რომლებიცაა მის განკარგულებაში, მის ხელთ. თავისი სხეულის, ხმის, სახის მეტყველების თავისებურებებს ფლობს და შედეგად ზუსტად შერჩეულ მოძრაობებსა და მოქმედებებს მიმართავს. დამორჩილებული აქვს ემოცია და მას გარემოების საჭიროებას უქვემდებარებს, თუმცა ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ მისი როლები განიცდის სიწრფელის ნაკლებობას. ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს მომღერალი ქალის სახე (ი. სამსონაძის „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), სადაც მსახიობმა უაღლრესად ფაქიზი, სათუთი არსება წარმოგვიდგინა, თანაც თავისი პროფესიული თვისებების წყალობით თავი დააღწია სიყალბეს და შეეცადა, გულწრფელობა შეენარჩუნებინა.“
ნანა ფაჩუაშილი იმ მსახიობთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც უმუშავიათ ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან რობერტ სტურუა, მიხეილ თუმანიშვილი, თემურ ჩხეიძე და სხვ. გარდა თეატრისა, დიდ წარმატებას მიაღწია ასევე კინოში, რადიოსა და ტელევიზიაში. არის უამრავი ჯოლდოსა და პრემიის მფლობელი.


მის შესახებ ყვებიან:
„ნანა ყოველთვის იქ იყო, იმ რეჟისორთან, რომლისთვისაც საჭირო იყო, აუცილებელი. იმ დროს ალბათ სხვაც ითამაშებდა „რიჩარდში“, მაგრამ ნანა ერთადერთი, ზუსტად ისეთი იყო, რაც სტურუას სურდა... ეს არის ცოდნაც, ბედნიერებაც და ბედიც, რომ შენი თავი წარმოაჩინო...“
რეზო ჩხაიძე

 „რეპეტიციაზე მისი მოსვლა ყოველთვის ნაწარმოების ავტორის ატმოსფეროს ბადებდა. იგი ამ ატმოსფეროში ცხოვრობდა, ამით სუნთქავდა და სცენაზე ბოლომდე მოჰქონდა.“
გიზო ჟორდანია

„ყველაზე მეტად მასში თეატრის არანორმალური, ფანატიკური სიყვარული მხიბლავს...
ნანა ძალიან დიდი პროფესიონალია,იმდენად დიდი, რომ შეიძლება გული გაგიწვრილოს კიდეც... სულ მუშაობს, მუშაობს... მეც ვმუშაობ, მაგრამ რაღაც ზღვარამდე... მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩემსავით თეატრის ნამდვილი ფანატიკოსია.“
რობერტ სტურუა

„მე და ნანამ ერთმანეთის ფასი ვიცოდით და კიდევ ის ვიცოდი, რომ, რასაც ნანასთან გავაკეთებდი, სხვასთან ვერ მოვახერხებდი, სხვასთან უბრალოდ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი... ნანა ყველგან განსხვავებული იყო... როგორ მენატრება მასთან მუშაობა...“
თემურ ჩხეიძე






Comments/disqusion
No comments