Loading....
მაკო გოჩაშვილი
„სტურუა დაბერდა.
სტურუას შემოქმედებით კრიზისი აქვს.
სტურუას მსახიობი არ უყვარს.
სტურუა დაბრუნდა. მაგრამ ახალს, განსაკუთრებულს ვეღარაფერს შექმნის.
არ მეცოდებიან ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ. არ მეცოდებიან, რადგან აქვთ ბრწყინვალე შანსი, წავიდნენ ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ახლად გახსნილ თეატრ-ფაბრიკაში და დარწმუნდნენ, რომ:
სტურუა ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორია საქართველოში.
სტურუამ თავისი შემოქმედების ახალი ეტაპი დაიწყო.
სტურუას ძალიან უყვარს მსახიობი.
სტურუამ შექმნა მორიგი შედევრი, რომელიც თამამად დაუდგება გვერდით „კავკასიურს“, „რიჩარდს“, „ყვარყვარეს“...
აი, რას წერს 2013 წლის ივნისში გამოქვეყნებულ სტატიაში იოსებ ჭუმბურიძე. ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც ეს სტატია წაიკითხა, მეორე დღესვე მოკალათდა თეატრი-ფაბრიკის დარბაზში და ერთი თუ ორი საათით მარია კალასის ცხოვრებით იცხოვრა. არ ვაჭარბებ.. ლელა ალიბეგაშვილის მარია კალასი უზომოდ გააზრებული და გათავისებული პერსონაჟია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი რამ თანამედროვე ქართული თეატრის ცხოვრებაში უკვე იშვიათობაა. „მარია კალასი-გაკვეთილი“ ეს ის სპექტაკლია, რომელიც მაყურებელს მონუსხულსა და აღფრთოვანებულს ტოვებს, აყვარებს თეატრს, მსახიობსა და ხელოვნებას.
ლელა ალიბეგაშვილის მარია კალასი გაკვეთილს ატარებს კონსერვატორიაში. გაკვეთილის ფონზე მაყურებლის თვალწინ მის მიერ განვლილი ცხოვრება იხატება, თავისი ტრაგიზმითა თუ სიხარულით სავსე. მართლაც ასეა, ლელა ალიბეგაშვილის მარია კალასი  „ხან გაგაცინებს, ხან აგატირებს, ხან დაგამშვიდებს, ხან აგაღელვებს...“ ძლიერი, მკაცრი, ქედმაღალი, ცინიკოსი, თუმცა ამავდროულად გულჩვილი მარია კალასი მის წინ წარმსდგარ კონსერვატორიის სტუდენტებს ასწავლის, თუ რას ნიშნავს იყო მომღერალი. ლელა ახალაია, ქეთი სვანიძე და არჩილ გოგიტიძე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სტუდენთა სახეებს გვიხატავენ.
მაკა ვასაძის მიერ „თეატრსა და ცხოვრებაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „სპექტაკლის ბოლოს მაყურებელს თვალზე ცრემლი ედგა. ეს იყო წარმოდგენა, სადაც სცენასა და დარბაზს შორის დისტანცია წაიშალა ანუ მაყურებელიც ისევე ჩაერთო ქმედებაში, როგორც შემოქმედებითი ჯგუფი. ეს კი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს სპექტაკლის გამარჯვებად.“
თვითონ ლელა ალიბეგაშილს უთქვამს: „რობერტ სტურუასთან მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერი უბრწყინვალესი მსახიობისთვის ზეიმია. ჩვენ კი განებივრებულები ვართ მასთან მუშაობით. მარია კალასი, მოგეხსენებათ, ეს არის უდიდესი შემოქმედი და მასზე სპექტაკლს დგამს ასეთივე დონის უდიდესი რეჟისორი, რობერტ სტურუა... წარმოიდგინეთ, როგორი ზეიმი იქნებოდა ეს რეპეტიციები.“


რეჟისორმა სპექტაკლს საფუძვლად დაუდო ტერენს მაკნელის პიესა „მასტერ კლასი“. წარმოდგენა მუსიკალურად გააფორმა ვერდის, პუჩინის, ბეთჰოვენისა და გია ყანჩელის მუსიკით. სპექტაკლში მონაწილეობის საშუალება მართლაც ღირსეულ მსახიობებს მისცა, რომლებიც არაჩვეულებრივად ასრულებენ საკუთარ როლს. ზემოთაღნიშნული მსახიობების გარდა, სპექტაკლში მონაწილეობენ დავით დარჩია და დავით უფლისაშვილი.
„მარია კალასის მასტერკლასის ჩვენებით, სიმბოლურად გაკვეთილი რომ ჰქვია, რობერტ სტურუამ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა და „უნებურად“ ყველა მისი ახლობელი, მეგობარი, სისხლითა თუ სულით ნათესავი დაგვასაჩუქრა. რობერტმა კალასის ნიჭის ბრწყინვალების გამონათებას პირადი ბიოგრაფიის „ნამსხვრევები“ ჩააქსოვა და მართლაც დაგვმოძღვრა ყველანი - ნიჭი ღვთის ხელდასხმული საოცრებაა, ნიჭი თავისთავად ხელთუქმნელი ძეგლია, რომლის ხელყოფა შეუძლებელია! ნიჭს მხოლოდ უნდა თაყვანი სცე! ნიჭი პიროვნების დიადემაა, ნიჭი გამორჩეულობის ნიშანია, ნიჭი თავისუფლებაა! მარია კალასი ღმერთის რჩეული გახლდათ. რობერტ სტურუამ და ლელა ალიბეგაშვილმა ნიჭიერებას დაუდგეს ძეგლი!" (ნათელა არველაძე, 2013 წლის ივნისი, გაზეთი  „რეზონანსი“)
18 და 19 აპრილს ამ სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში შედგება და  ჩვენ, მაყურებელი, კიდევ ერთხელ ვიქნებით ამ დიდი საპრემიორო ზეიმის თანამონაწილენი. მაშ ასე, შევხვდებით რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე!

Comments/disqusion
No comments