Loading....
საქართველოს სახალხო არტისტს, რამაზ ჩხიკვაძეს დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.

იგი 1928 წლის 28 თებერვალს, თბილისსში დაიბადა. 1951 წელს, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, რუსთაველის თეატრის დასს შეუერთდა. ამ  პერიოდში მიხეილ თუმანიშვილი და უნიჭიერეს მსახიობთა თაობა მუშაობდა ფუჩიკის პიესაზე „ადამიანებო იყავით ფხიზლად!“  რამაზ ჩხიკვაძემ პირველი როლი სწორედ ამ სპექტაკლში მიიღო, სადაც იგი ზდენეკს ასახიერებდა. თეატრალურ ინსტიტუტში შესრულებული როლებით მას უკვე კარგად იცნობდნენ და აღიარებდნენ, თუმცა ნამდვილი, დიდი შემოქმედება სწორედ რუსთაველის თეატრის სცენაზე  დაიწყო. მუშაობა მოუწია დიდ რეჟისორებთან  - მიხეილ თუმანიშვილთან და რობერტ სტურუასთან. 

რამაზ ჩხიკვაძემ 50-ზე მეტი როლი განასახიერა ქართულ თუ უცხოურ რეპერტუარში: ლეონარდო (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), ეტრი პეტრიუსი („როცა ასეთი სიყვარულია“), ყვარყვარე (პ.კაკაბაძის „ყვარყვარე“), აზდაკი (ბ.ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ქოსა მრჩეველი (გ.ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“) და სხვა (მისი მასწავლებელი, მიხეილ თუმანიშვილი მიიჩნევდა, რომ ქოსა მრჩევლის როლი მსახიობის შემოქმედებითი გზის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო: „ მას შემდეგ იგი უჩემოდ გაუყვა თავის გზას. ჩვენ გავიყარეთ, მისი სვლა დიდებისკენ დაიწყო...“ - ამბობდა ბატონი მიშა). რ.ჩხიკვაძის  მიერ მაღალი ოსტატობით შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რჩარდი (შექპირის „რიჩარდ III“)  და ლირი („მეფე ლირი“). 

რამაზ ჩხიკვაძის შესაძლებლობებსა და ნიჭიერებაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ამ ადამიანში თავმოყრილი იყო მუსიკალურობა, პლასტიურობა, აზროვნება... მას ერთდროულად შეეძლო, შეექმნა როგორც დრამატული, ისე კომედიური და სახასიათო სახეები.
 „ხომ სულ ხუმრობდა და იცინოდა, მაგრამ მარტო რომ დარჩებოდა სევდა ერეოდა. რამდენჯერმე მოვკარი თვალი ძალიან დარდიანს“- იხსენებს ლიკა ჭავჭავაძე. თუმცა, რამაზ ჩხიკვაძეს ვერავინ ნახავდა მოწყენილს - სცენაზეც ლაღი იყო და კულისებშიც. ხუმრობით ამბობდა - „თუ მსახიობი ხარ - გადარჩები!“
თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინოგადაღებებში და ტელესტუდიის კინო და თეატრალურ დადგმებში. მიღებული ჰქონდა ყველა ის პრემია და ჯილდო, რითაც მსახიობს შეუძლია იამაყოს.
რამაზ ჩხიკვაძე 2011 წლის 17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ  გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით. 

მასზე წერდნენ:
 „ამ მსახიობს ახასიათებს უდიდესი ძალა, რომლის წყალობითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სცენა მხოლოდ მას ეკუთვნის".
The Guardian

„თეატრის ვარსკვლავი რამაზ ჩხიკვაძე, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია”.  
The Telegraph
 „მე ისევე მიჭირს ჩხიკვაძის მსახიობური მანერის აღწერა, როგორც სცენური ქცევა ლოურენს ოლივიესი, რომელსაც, ჩემი აზრით, ბევრი რამ ჰქონდა საერთო ქართველ მსახიობთან”. 
მაიკლ კოვენი -  Financial Times 

Comments/disqusion
No comments