Loading....
მაკო გოჩაშვილი

1957 წელს ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა, სიდნეი ლუმეტმა, რეჯინალდ როუზის ტელეპიესის მიხედვით ფილმი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ გადაიღო. 2006 წელს რობერტ სტურუასა და რევაზ ჩხაიძის მიერ დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლი სწორედ ამ ფილმის თეატრალური რიმეიკია.


დეტექტიური სიუჟეტის მქონე ერთმოქმედებიანი სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელი ძალა თორმეტი ნაფიც მსაჯულის სიტყვიერი ორთაბრძოლაა. მკვლელობაში ეჭვმიტანილ მოზარდს დღეს განაჩენი უნდა გამოუტანონ. საინტერესოა, თორმეტი მსაჯულის აზრი ერთმანეთს დაემთხვევა თუ არა?!  სიმართლის დადგენისა და განაჩენის გამოტანის პროცესი მაყურებლის ნაწილისთვის შეიძლება უსასრულოდ გრძელიც კი იყოს. სპექტაკლის შემქმნელებს ამის გასამართლებელი მიზეზი აქვთ. სცენაზე თორმეტი მსაჯულია, თორმეტი განსხვავებული ხასიათისა და აზრის მქონე პიროვნება. ზოგიერთი მათგანი ნერვიული, ემოციური, სასტიკი, დაუნდობელი, ზედაპირული, ექსცენტრულია, ზოგიც - ემოციური, შეშინებული, შეშფოთებული, დაძაბული და დაბნეული.
თორმეტ შავ სკამზე მოთავსებული მსაჯულები იკვლევენ, იძიებენ, კამათობენ, ჩხუბობენ, თამაშობენ, გვაცინებენ, გვატირებენ, გვაფიქრებენ და ჩვენც იმ თამაშში გვრთავენ, რასაც ჭეშმარიტების ძიება ჰქვია. ბუნებრივია, რომ სპექტაკლში დაძაბული დიალოგები ჭარბობს, აქ ხომ ადამიანის ბედი წყდება და მას, ისევ და ისევ, ადამიანები წყვეტენ. თორმეტი მსაჯულიდან თერთმეტი უკვე მზადაა სასტიკი განაჩენის გამოსატანად. მხოლოდ ერთი მათგანი აიძლებს დანარჩენებს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და დაასაბუთონ თავიანთი არგუმენტები. იქნებ სიტყვა „დამნაშავეა“ „უდანაშაულოა“-თი შეცვალონ. სიტყვით, რომელიც თორმეტივე მათგანმა უნდა თქვას ეჭვმიტანილის სიცოცხლის გადასარჩენად.
რეჯინალდ როუზის ეს არაჩვეულებრივი პიესა 50-60-იან წლებშივე მოექცა ყურადღების ცენტრში. პიესამ არც  ოცდამეერთე საუკუნის თანამედროვე სამყაროში დაკარგა აქტუალობა. სპექტაკლის რეჟისორებმა, რობერტ სტურუამ და რევაზ ჩხაიძემ ის ქართულ რეალობას მოარგეს და  მაყურებელს საკმაოდ საინტერესო სცენებით აგებული სანახაობა შესთავაზეს. ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მხატვარმა თემურ ნინუამ. შეუძლებელია მაყურებლის  ყურადღების  მიღმა დარჩეს კედელი, სადაც გამოსახულია საიდუმლო სერობა, ოღონდ მოციქულების გარეშე.

Comments/disqusion
No comments