Loading....
მაკო გოჩაშვილი

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს რუსთაველის თეატრის სცენაზე რობერტ სტურუასეული ზღაპარივით ტკბილი შექსპირის „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, შეუძლებელია დაივიწყოს ჭრელა-ჭრულა კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები, რომლებიც  ერთდროულად  მხიარული და ტრაგიკული, რეალური და არარეალური სამყაროს ბინადრები არიან და რომლებიც, ჩვენს თვალებს, გულებსა და გონებებს აფერადებენ.
არაა საჭირო ისაუბრო წლებზე მაშინ, როდესაც სპექტაკლი უკვდავია. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რობერტ სტურუამ შექსპირის კომედია სახარების იგავებით გაამდიდრა, კომპოზიტორ გია ყანჩელის მუსიკისა და მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილის მხატვრობით სპექტაკლი სრულყოფილების გზაზე დააყენა და რუსთაველის თეატრის  მსახიობებთან ერთად (ლელა ალიბეგაშვილი, ნინო კასრაძე, ნანუკა ხუსკივაძე, გურამ საღარაძე, ზაზა პაპუაშვილი, ლევან ბერიკაშილი) თეატრის სცენაზე დაბადა სამყარო, სადაც რეჟისორის ფანტაზიამ ფრთები შეისხა და მაყურებელი რამდენიმე საათაინი ტკბილი ძილით დააძინა.


 „რობერტ სტურუას სპექტაკლები შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება - არა, მაგრამ ყველაფერი, რასაც ის ქმნის და ეხება, მაცდური და მიმზიდველია, მაშინაც კი, როცა სხვა მის ადგილას ვერაფერს შეამჩნევდა.“ - წერს სოფიო თოდუა.


2001 წელს გაზეთ დრონიში ერთ კარგ სტატის გადავაწყდი ამ სპექტაკლის შესახებ. აი, რას წერს მისი ავტორი, ხათუნა წულაძე:
„ამ სპექტაკლში ანგელოზის ფრთებს ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც სამეფო გვირგვინს სტურუას სხვა სპექტაკლებში, ოღონდ ძალაუფლების სიმბოლო უმანკოების სიმბოლოთია შეცვლილი და ისიც გაუფასურებული და შელახულია, რადგან ხელიდან ხელში გადადის და ყველა სათავისოდ ირგებს.
აქ ყველა ერთმანეთს ამცირებს და გულს სტკენს, ადანაშაულებს და ზნეობისაკენ მოუწოდებს, განკითხვის დღეს ახსენებს, შიშით კი არავის ეშინია, რადგან სხვაში ხედავენ მოძალადეს, საკუთარ თავში კი - მსხვერპლს. ყველას მაგივრად ტანჯული ქრისტე შემაძრწუნებელი მუსიკის ფონზე ქვესკნელიდან ამოდის, უკვე მერამდენედ აღმდგარი და მერამდენედ ჯვარცმული. ერთად შეჯგუფებული სპექტაკლის პერსონაჟები კი კვამლისაგან დაბინდული თვალებით შესცქერიან როგორ აკრავენ ჩვენს სინდისს ჯვარზე.“



Comments/disqusion
No comments