Loading....
მაკო გოჩაშვილი

„ჩვენ რომ ვეძახით ქალს, თურმე ეს სიძლიერე მეც მქონია. რას ნიშნავს? უნარს, რომ ცხოვრებას გაუძლო.“
(მარინა კახიანი)

„ამ რამდენიმე წლის წინ თეატრალური ინსტიტუტის მისაღები კომისიის წინაშე ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინა მარინა კახიანი წარსდგა.
ინსტიტუტში სწავლის პირველ წლებამდე გაიარა სკოლა, რომელმაც სცენური მოძრაობის ბუნებრივობა, ჰაეროვნება, მოხდენილი ცეკვის უნარი მიანიჭა, მაგრამ ამავე დროს დრამატულ ხელოვნებაში ძლიერი და ტრაგიკული პიროვნების განცდათა და ვნებათა სცენური წარმოსახვის დაუძლეველმა სურვილმა მიიყვანა. შემთხვევითი არ იყო, რომ მსახიობის ოსტატობის გამოცდაზე მარინა კახიანის ვასილისაში გამოიკვეთა მომხიბვლელი გარეგნობის მკაცრი, თავდაჯერებული, ძლიერი ნების, მომთხოვნი პიროვნების სცენური კონტურები.“ - წერს ნინო მაჭავარიანი 1985 წლის „თეატრალური მოამბის“ პირველ ნომერში.
34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც IV კურსის სტუდენტმა, მარინა კახიანმა, რუსთაველის თეატრის სცენაზე პირველად შეასრულა საპოჟნიკოვას როლი რობერტ სტურუას სპექტაკლში „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“. რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულ მის პირად საქმეში ვკითხულობთ: „მარინა კახიანმა ამ წარმოდგენაში ღირსეული პარტნიორობა გაუწია უფროს კოლეგებს და ნიჭიერ ახალბედა აქტიორად წარმოგვიდგა.“
 მას შემდეგ არაერთხელ განუსახიერებია ევა ბრაუნი, კორდელია, რებეკა იდელსონი, ბერნანდა ალბა, მარიამ სტიუარტი, კანცადე, ელისაბედი, ხანუმა და კიდევ სხვა უამრავი თეატრალური პერსონაჟი და აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მისმა განსახიერებულმა თითოეულმა პერსონაჟმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართული თეატრის ისტორიაში.

არ შემცდარა რობერტ სტურუა, როდესაც ხელს აწერდა მარინა კახიანის დახასიათებას: „პერსპექტივების მქონე მსახიობია, საუკეთესო აქტიორული მონაცემებით. წარმოსადეგი გარეგნობა, ლამაზი ტემბრის ხმა, გარდასახვის უნარი და შრომისმოყვარეობა ახალგაზრდა მსახიობის საინტერესო მომავალზე მეტყველებს.“


„ალბათ ბედნიერი მსახიობი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ არ მითამაშია დღემდე როლი, რომელიც არ მყვარებია. ზოგი შეიძლება უფრო ღრმა იყო, ამაღლებული, ზოგი - პირიქით, შეიძლება ზნედაცემულიც. ზნედაცემულ ქალთა შემთხვევებში, მე ვცდილობდი მეჩვენებინა, თუ რამ დასცა კონკრეტული ქალი ზნეობრივად, რამ მიიყვანა აქამდე, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად შევძელი ეს... სიმართლის მოყვარე კორდელია მიყვარდა ძალიან, ასევე ცხოვრებადამახინჯებული, ტრაგიკული ლიდა სპექტაკლიდან „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“, დღემდე მიყვარს ჩემი პირველი როლი სპექტაკლში „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე...“  - და ასე უსასრულოდ შეუძლია ისაუბროს საყვარელი როლების შესახებ მარინა კახიანმა, რომელსაც სულ მცირე 25 როლი მაინც შეუსრულებია რუსთაველის თეატრის დიდ თუ მცირე სცენაზე.
არანაკლები ყურადღების ღირსია რუსთაველის თატრის კედლებს გარეთ არსებული მისი სამსახიობო კარიერა. დაუვიწყარია თავისუფალი თეატრის სცენაზე განსახიერებული მარინა კახიანის „მედეა“. გარდა ამისა უთამაშა რუსთაველის სარდაფსა და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში.
დაახლოებით 37 წელს ითვლის მისი სამსახიობო კარიერა ქართულ კინოში. მას უთამაშია გ. შენგელაიას, გ. მატარიძის, რ.ჩხეიძისა და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმებსა და სერიალებში. მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, ზოგიერთი მათგანით საუკეთესი მსახიობი ქალის ტიტულიც კი მოიპოვა.


„ყველაზე მეტად ამა თუ იმ როლის გახსნაში ჩვენი პირადი ცხოვრება გვეხმარება, 
ჩვენი ტრაგედიები, ტრამვები და სიხარულები.“  
(მარინა კახიანი)



Comments/disqusion
No comments