Loading....
          მუსიკოსთა ოჯახში აღზრდილი კახი ბუნებამ შესანიშნავი მუსიკალური მონაცემებითა და პლასტიკური სხეულით დააჯილდოვა.
          ბავშვობიდან კინომსახიობის პროფესიაზე ოცნებობდა. რაკი თბილისში სასწავლებელი არ არსებობდა, თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურა.
          თეატრალური ხელოვნება შეაყვარა მსახიობის ოსტატობის პედაგოგმა გაბრიელ ღვინიაშვილმა. შესანიშნავმა პიროვნებამ, ღრმად განათლებულმა და დიდი ერუდიციის მქონემ ახალგაზრდის სულში ის სიმები შეარხია, ძალას რომ არ უკარგავს და ერთხელ არჩეული გზის ერთგულს ტოვებს ხოლმე ადამიანს უმძიმესი შრომისა და მარცხის შემთხვევაშიც კი.
          სამსახიობო ხელოვნების საიდუმლოებანი შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის გამოცდილ რეჟისორებთან მუშაობისას შეიცნო. დიმიტრი ალექსიძის, არჩილ ჩხარტიშვილისა და მიხეილ თუმანიშვილის რეჟისორობით შექმნილ მრავალ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.

          მსახიობი სიამოვნებით იგონებს რუსთაველელთა შემდგომ სპექტაკლებში მონაწილეობას: დ. გაჩეჩილაძის "ბახტრიონი", ა. არბუზოვის "ისინი შეხვდნენ ერთმანეთს", კნუტ სენდერბიუს "ქალთა აჯანყება", გ.ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა", ვ. დარასელის "სიმღერა შევარდენზე", უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", რ. ებრალიძის "თანამედროვე ტრაგედია", მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები", ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი".
          ახალბედა მსახიობის მიერ ქართული რეჟისურის გამოცდილ ოსტატებთან მუშაობისას შექმნილი მხატვრული სახეები შეუნიშნავი არ დარჩენილა. მისი ვაზუზი /"ბახტრიონი" - რეჟ. დ. ალექსიძე/ პრესაში მოიხსენიეს, როგორც მთის მცხოვრებთა ჩინებულად და დამაჯერებლად ამსახველი სახე, ტიტიკო /"სიმღერა შევარდენზე" - რეჟ. მ. თუმანიშვილი/ კი ახალგაზრდა მსახიობის შემოქმედებითი ზრდის მაჩვენებელ ნამუშევრად აღიარეს.
          კ. კავსაძის მიერ მეტყველი პლასტიკით იყო წარმოდგენილი მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლ "ზაფხულის ღამის სიზმარში" ცხოველთა მეფე - ლომი.
რუსთავლის თეატრის საუკეთესო მსახიობების მიერ შექმნილ მხატვრულ სახეთა ფეიერვერკში შეუნიშნავი არ დარჩენილა კ. კავსაძის  შუბოსანი ნიღაბი /"ჭინჭრაქა" - რეჟ. მ. თუმანიშვილი/. მსახიობმა მდიდარი მიმიკით გადმოსცა როლის ძირითადი არსი.
         კ. კავსაძემ პლასტიკურად გადაწყვიტა ადამის როლი / "ღვთაებრივი  კომედია" ი. შტოკისა, რეჟ. ბ. კობახიძე/. ახოვანი ტანის მსახიობის მიერ წარმოდგენილი ადამი ცნობილი კარიკატურისტის ჰ. ბიდსტრუპის მიერ შექმნილ ადამის იერსახეს ეხმიანებოდა.
        ახალგაზრდა რეჟისორებთანაც უხდებოდა მუშაობა. კ. კავსაძემ რეჟისორ ლ. მირცხულავას სადებიუტო სპექტაკლში პორტფელიანის / ს. კლდიაშვილის "ქარიშხალი"/ დამაჯერებელი სახე შექმნა. 
       ახალგაზრდა მსახიობის მიერ წარმოსახული რევოლუციის პირველი წლების სოციალური ძვრების პერიოდში მტერზე არანაკლებ საშიში პიროვნების სახეზე პრესა წერდა : " შესანიშნავად წარმოგვიდგინა პასუხსაგებ თანამდებობაზე შემთხვევით მოხვედრილი ბიუროკრატი და კარიერისტი ხელმძღვანელის ტიპი. მან ერთ-ორი გავლით, ორიოდე სიტყვით დასრულებული სახე შექმნა." /გაზ. "კომუნისტი" N68. 1961წ./
         კოწიას საინტერესო მხატვრული სახე წარმოადგინა მსახიობმა სპექტაკლში "გუშინდელნი", სადაც რეჟისორმა თ. ჩხეიძემ ზუსტად ამოხსნა დრამატურგის ჩანაფიქრი და თანამედროვე თვალთახედვიდან გამომდინარემ, შექმნა შესანიშნავი სპექტაკლი. ამ ამოცანის განხორციელებაში შემოქმედებით კოლექტივთან ერთად კ. კავსაძემაც თავისი გარკვეული წვლილი შეიტანა. მის მიერ განხორციელებული კოწიას ტრაგედია წარმოშვა დიდი საზოგადოებრივი საქმისადმი ვიწრო ეგოისტურმა დამოკიდებულებამ, რაც საერთოდ ლაიტმოტივად გასდევდა მთელ სპექტაკლს.
        ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურად თეატრალური ხელოვნების საიდუმლოებათა ამოცანის გზაზე თვით მსახიობი გურამის როლს მიიჩნევს სპექტაკლში "მზიანი ღამე" / ნ. დუმბაძე/. 
         კ. კავსაძე-გურამი ისეთი მეგობრაია, რომელსაც შეიძლება სიცოხლეც კი ანდო. ადამიანი, რომელიც არასოდეს გიღალატებს, გულგრილად არ უყურებს მეგობრის გასაჭირს. მსახიობი როლს ასრულებდა მსუბუქად, მოხდენილად, დამაჯერებლად. მის მიერ შექმნილი გურამის მხატვრული სახე მეგობრობის სიმბოლოს შთაბეჭდილებას ქნიდა. 
        პარტნიორიც შესანიშნავი შეხვდა- მსახიობი გ. ქავთარაძე. დინჯი, პარტნიორს რომ არასოდეს აჩქარებს, მოთმინებით უცდის და აიძულებს ისეთივე ძალით შეებას საქმეს, როგორც თავად მას ჩვევია. 
         ამ როლზე მუშაობისას პირველად შეხვდა მსახიობი რობერტ სტურუას და ეს შემოქმედებითი კონტაქტი დღემდე ნაყოფიერად გრძელდება - რეჟისორის მიერ შექმნილ თითქმის ყველა სპექტაკლში მონაწილეობს. რ. სტურუასთან მუშაობამ მსახიობს საკუთარი ძალებისადმი რწმენა განუმტკიცა, რაც მის მიერ წარმოსახულ როლებში შემდგომ ძალზე ნათლად გამოვლინდა. 
       ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიშველიოთ კავსაძის მიერ განხორციელებული სოლეიმანის სახე სპექტაკლში "ღალატი" / ა. სუმბათაშვილი-იუჟინისა/.
       რეჟისორული გააზრებით სოლეიმანი დამპყრობელია, თანაც საშიში- გაღიზიანებული იმით, რომ შაჰმა სასჯელის მოსახდელად გამოგზავნა საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებაზე მეოცნებეს სძულს ქვეყანა, რომლის პატრონობაც აკისრია, არავის დაინდობს, ყოველივეს აღგვის პირისაგან მიწისა, რომ შაჰის წყალობა დაიმსახუროს. 
        კ. კავსაძემ მართლაც რომ შთამბეჭდავი სახე შექმნა. ამაზრზენად წვრილი ხმით მოლაპარაკე სოლეიმანის ყოველი მოძრაობა იყო საგანგებოდ დინჯი, გამოზომილი, ლამაზ პლასტიკაზე აგებული. თავდაჭერილობაში გამოსჭვიოდა მისი მტაცებლური, შემპარავი, ვერაგი ბუნება. იგი სასიკვდილო ნახტომისათვის გამზადებულ მხეცს გავდა. 
საინტერესო პლასტიკურ მონახაზზეა აგებული კ. კავსაძის შემდგომი სცენური სახეებიც: ლანცელოტი /ე .შვარცის "დარაკონი"/, სიმონ ჩაჩავა /ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"/,   პარტბიუროს მდივანი / ა.გელმანის "დასაწყისი"/ და ლორდი ჰესტინგსი / უ. შექსპირის "რიჩარდ III"/.
        მის მიერ შექმნილი სიმონ ჩაჩავა შეყვარებული ყმაწვილია. ნაზი- გრუშესთან ლირიულ სცენებში, ერთგული და მტკიცე მეგობარი გაჭირვებაში, უხეში და ეგოისტურად მომთხოვნი, როცა მის მამაკაცურ თავმოყვარეობას შელახვა ელის. 
პარტნიორებთან ორგანული კავშირი ჰქონდა დამყარებული კ. კავსაძეს სპექტაკლში "დასაწყისი", სადაც პარტბიუროს მდივნის პრინციპული პოზიციის დამცველი გმირის სახე შექმნა.
       კ.კავსაძემ შესანიშნავად გადმოსცა ლორდი ჰესტინგსის ტრაგიკული სახე სპექტაკლში "რიჩარდ III". მსახიობმა შთამბეჭდავი პლასტიკური გადაწყვეტა მოუძებნა თავისი გმირის ხასიათს. მარტო დარჩენილი რა სახით მიდის და ჯდება სამეფო ტახტზე ილუზიებით შეპყრობილი. აქ იხსნება ფარული ზრახვებით გატაცებული პიროვნების სულიერი არსი, ინტელექტუალურად და მორალურად დაკნინებული ადამიანის სახე.
       კ. კავსაძე კინოშიც ბევრს მუშაობს. სწორედ კინემატოგრაფმა აღმოაჩინა მასში შესანიშნავი სახასიათო მსახიობი. მისი მხიარული და ნაღვლიანი, გულუბრყვილო და ბრძენი კინოგმირები მაყურებელს სამუდამოდ ამახსოვრდება.






მასალა რუსთაველის თეატრის მუზეუმის არქივიდან.
ხელნაწერთა განყოფილება

სტატიის ავტორი: ლედი კაპანაძე

Comments/disqusion
No comments